Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ტესტების ნოემბრის სერია კანადასთან 54:22 მოგებით გახსნა
  • სოსო მათიაშვილი გახდა ნაკრების რეკორდსმენი ერთ მატჩში დაგროვებული ქულების მიხედვით - 34
  • კანადასთან ურთიერთშეხვედრებში 4:3 დავწინაურდით
  • მორიგ ტესტს ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებთან გამართავს

11 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" კანადის გუნდს უმასპინძლა და "ნეკერჩხლის ფოთლები" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 54:22. ეს იყო მეშვიდე დაპირისპირება მეტოქესთან და "ბორჯღალოსნები" წინ პირველად გავიდნენ - 4:3. 

"თიბისი რაგბის სერიის" პირველ მატჩში მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ, მილტონ ჰეიგის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და ჯამში 6 ლელო გაუტანა. 

პირველ ტაიმში ლელოები სოსო მათიაშვილმა და გიორგი ნემსაძემ მიითვალეს, ტაიმი კი 23:8 დასრულდა.

მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ 4 ლელო გაიტანეს, თავი ლევან ჩილაჩავამ, კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, სოსო მათიაშვილმა და კარლენ ასიეშვილმა გამოიჩინეს. 

განსაკუთრებით გამოსარჩევია მათიაშვილის მეორე ლელო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - ახალგაზრდა ფულბეკმა ფეხით თავად შეიგდო და სულ უკანასკნელ მომენტში, საოცარ ნახტომში დაეწია ბურთს და დაამიწა. ვიდეორეფერიმ ლელო ჩათვალა. 

ჩვენი ნაკრები უკვე გაემგზავრა ბრიტანეთში, 18 ნოემბერს მორიგ ტესტ-მატჩს ჰეიგის გუნდი კარდიფში უელსის ნაკრებთან გამართავს. 

ქართველთა მორიგი ლელო

დებიუტები

"ბორჯღალოსნების" რიგებში პირველად ითამაშეს მირიან მოდებაძემ და გიორგი კვესელაძემ, ხოლო მათიაშვილმა, რომელსაც მერაბ კვირიკაშვილის ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევენ, პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. 

სოსო მათიაშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მორაგბეა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა მატჩში. აქამდე რეკორდი მერაბ კვირიკაშვილს ჰქონდა - 32 ქულა. 

გმირი

24 წლის სოსო მათიაშვილი ეროვნულ ნაკრებში სულ მეოთხედ თამაშობდა, იგი პირველად იყო სასტარტოში. მათიაშვილმა მერაბ კვირიკაშვილის პოზიციაზე ითამაშა (ფულბეკი) და ბრწყინვალედაც - 2 ლელო, 6 გარდასახვა და 4 ჯარიმა მიითვალა. ჯამში მან 34 ქულა მოიპოვა. მათიაშვილმა კარში 11-ჯერ დაარტყა და 10-ჯერ ზუსტი იყო. 

მათიაშვილის ლელომ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვიდეო "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამაც დადო.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი (საქართველო): მიუხედავად იმისა, რომ 54 ქულა დავაგროვეთ, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ახალგაზრდებმა ეს 80 წუთი კარგად ჩაატარეს, რაღაცეები კარგად გამოგვივიდა და თუნდაც ზაფხულთან შედარებით პროგრესიც აშკარაა, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. 

კანადამ ძალიან ბევრი, 22 ქულის გაკეთება მოახერხა, თუმცა პირველი ლელოს შემთხვევაში გარკვეული კითხვის ნიშნები მაქვს და ამ ეპიზოდს აუცილებლად რამდენჯერმე ვნახავთ. მეტოქე კარგად იყენებდა სისწრაფეებს და როდესაც ტემპს უმატებდა, პრობლემებს გვიქმნიდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძელით შეკვრა და ინიციატივის დაბრუნება. დაცვაში დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად განვიხილავთ და გავაანალიზებთ.

რეკორდები კანადასთან

პირველად დააგროვეს გუნდებმა  52 ქულაზე მეტი 

აქამდე კანადასთან ყველაზე მეტი, 22 ქულა გვქონდა მოგროვილი

პირველად გავუტანეთ კანადას 6 ლელო

აქამდე ყველაზე დიდი მოგება 13 ქულით გვქონდა


ეს იყო სერიის პირველი მატჩი, რომლის ჩატარება ყოველთვის რთულია. რაც არ უნდა ვივარჯიშოთ, შეთამაშება ყოველთვის რთულად მისაღწევია. გზაში გავივლით დეტალურ ვიდეო-ანალიზს, თუმცა ამ ეტაპზევე შემიძლია იმის თქმა, რომ დაცვის ხაზი უფრო სწრაფად უნდა დავაყენოთ.

ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრებს ისინი აუცილებლად ძირითადში დაიწყებენ. 

უელსთან მატჩის წინ დიდი მნიშვნელობა ექნება ყოველ დეტალს - როგორ გავივლით აღდგენას, როგორ მოვემზადებით. 
დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ პირველი დონის გუნდებს მხოლოდ გამოცდილების მისაღებად და სტატისტიკური მონაცემების დასაფიქსირებლად ვეთამაშებით. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

საქართველო-კანადა 54:22
6 ლ (მათიაშვილი - 2, ნემსაძე, ჩილაჩავა, შარიქაძე, ასიეშვილი  
6 გ (მათიაშვილი - 6)  
4 ჯ (მათიაშვილი)  
საქართველო: (1-8) ნარიაშვილი (51. ასიეშვილი), ბრეგვაძე (57. მამუკაშვილი), ჩილაჩავა (57. ბეკოშვილი), მიქაუტაძე (53. ჩხაიძე), ნემსაძე, ლომიძე, კოლელიშვილი (60. თხილაიშვილი), ბიწაძე; (15-9) მათიაშვილი, კოშაძე, კაჭარავა (72. კვესელაძე), შარიქაძე, მოდებაძე, ხმალაძე (69. ჯინჭველაშვილი), ლობჟანიძე (64. ბეგაძე)  
კანადა  
3 ლ (პერისი, ფან დერ მერვე, სტოლერი)
2 გ (სტოლერი -2)
1 ჯ (სტოლერი)
 

კომენტარები

ბოლო ამბები