Thumbnail

ზუგდიდი 2 წლის მერე ჩემპიონთა ლიგაში! ზაზა ჯანაშია ხუმრობით და სერიოზულად

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ახლახან საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სკ ზუგდიდი 61 ათას ლარად შეიძინა.
  • ჯანაშიას ზუგდიდის აღორძინება მოსკოვის ლოკომოტივის მხარდაჭერით სურს.
  • რატომ არ ამართლებს 41 წლის ჯანაშია გიორგი ჯიქიას არჩევანს.
  • მოატყუებდა თუ არა დღეს თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია მცველ საბა კვერკველიას?

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომიტივის ყოფილმა ფორვარდმა ზაზა ჯანაშიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მშობლიური ზუგდიდი შეიძინა, რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესს” ესაუბრა.
ჯანაშიამ თავის ახალ შენაძენსა და მიზნებზე, ასევე, მოსკოვის ლოკომოტივში საბა კვირკველიას როლსა და გიორგი ჯიქიას არჩევანზე ილაპარაკა.

“ჯანაშიამ, რომელიც 90-იანების ლოკომოტივის ალბათ, ყველაზე საყვარელი ფორვარდია, 2018 წლის დასაწყისში საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი შეისყიდა, სადაც 1991 წელს, საქართველოს უმაღლეს ლიგაში კარიერა დაიწყო. დღეს კლუბი ქვედა დივიზიონშია, მაგრამ ზაზამ ის გაქრობისგან იხსნა. ჯანაშიამ ელექტრონული აუქციონში გაიმარჯვა და ზუგდიდი 61 ათას ლარად (20 ათასი ევრო) შეიძინა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მან ქალაქის მერიასთან კლუბის გადაცემაზე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს”, - წერს გამოცემა, რომლის ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ.

სპორტ-ექსპრესი: "90-იანების ლოკომოტივის ალბათ, ყველაზე საყვარელი ფორვარდი"

ელექტრონული აუქციონი რა არის?

ქალაქს კლუბი გასაყიდად გამოაქვს. ადგენს მის ფასს. შემდეგ ნებისმიერს შეუძლია მისი აწევა: 65 ათასი ლარი, 70… როგორც ჩანს, არავინ მოინდომა ფასის მომატება. ყველა ზუგდიდელს სურდა, რომ გუნდი მე მეყიდა. აუქციონის დასრულებგამდე 10-15 წუთით ადრე დავაჭირე ღილაკს “65 ათასი” და მივიღე გუნდი.

რად გინდათ საკუთარი კლუბი?

დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში. ადგილობრივი გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. პლუს, ზუგდიდს დიდი პოტენციალი აქვს. იქ კარგი ახალგაზრდობა მოდის და მას დახმარება სჭირდება. იმ ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში, რაც აქ ვარ, საოცრება ვნახე. რა ბავშვები! ზუგდიდში არათუ ერთი, რამდენიმე ჯანაშია შეიძლება გაიზარდოს. ვფიქრობ, ამას შევლებ. ყველა ტალანტი, ვინც დღეს საქართველოში თამაშობს, იქიდანაა. 

23,5 ათასი დოლარი დიდი თანხაა. იოლად შეელიეთ?

რა თქმა უნდა, სერიოზული თანხაა, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსკოვის ლოკომოტივი მხარში დამიდგება. ამაზე ლაპარაკი უწინაც მქონდა. არც ისე დიდი სახსრებია მის დასაფინანსებლად საჭირო.

რამდენი?

ვილაპარაკებთ ამაზე, როდესაც მოსკოვში ჩამოვალ და ლოკომოტივს შევხვდები. ბოლო-ბოლო, ლოკო ჩემი მშობლიური კლუბია. ისე არ დამტოვებენ.

მოლაპარაკებას ვისთან გეგმავთ, იცნობთ კლუბის პრეზიდენტ ილია გერკუსს?

ასე ვთქვათ: ვიცი, ვინ არის და მანაც იცის, ვინ ვარ. მთავარია, რომ იქ არის იური სიომინი (ლოკომოტივის მწვრთნელი) და არიან მასთან დაახლოებული პირები. იური პალიჩთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.

იური სიომინის თქმით, ქართველის გარეშე გუნდი არ კეთდება.

ზუგდიდის ბიუჯერი გარკვეულია?

მაქვს 200 ათასი ლარი, რომელსაც სახელმწიფო მესამე ლიგის კლუბებს ყოველწლიურად აძლევს. თუმცა, ეს თანხა ვერაფერში წაგადგება. აი, მეორე ლიგაში კი უკვე 700 ათასს იძლევიან, უმაღლესში - კიდევ უფრო მეტს. იქამდე მისაღწევად ორი წელიწადი დამჭირდება.

კახა კალაძეს იცნობთ. კარგი მერი ჰყავს თბილისს?

ძალიან! საახალწლოდ დიდებულად მორთო ქალაქი. მსგავსი სილამაზე დიდი ხანია არ მინახავს! ერთმანეთს ვიცნობთ, ვწერთ, მაგრამ თავისუფალი დრო ცოტა აქვს.

როგორი იყო ზუგდიდი, როდესაც იქ თამაშობდით?

ჩვენთან სტუმრობის ყველას ეშინოდა! მეგობრული გუნდი გვყავდა, მე კი იქ ყველაზე უმცროსი ვიყავი. ყველა მხარში მედგა. ასე იყო ლოკომოტივშიც. იქაც ყველაზე პატარ ვიყავი, როდესაც ჩავედი, მაგრამ ყველა მარიგებდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ამასვე მოველი ზუგდიდშიც. 

მწვრთნელობას სწავლობდით. რომელ კატეგორიას ფლობთ?

დავამთავრე A კატეგორია და შემიძლია PRO ჩავაბარო. თავად ზუგდიდის გაწვრთნას არ ვაპირებ: თანამდებობა ამის საშუალებას არ მომცემს. სათანადო მწვრთნელები ისედაც საკმარისად გვყავს.  

ლოკომოტივიდან ვინმე ნაცნობს ხომ არ ანდობდით გუნდს?

სიამოვნებით, მაგრამ ბიუჯეტი არ მიწყობს ხელს. 

სიომინის მიწვევა არ გსურთ?

ვისურვებდი, თუნდაც ერთი წლით! სტუმრად კი ნამდვილად მოვიწვევ სიომინსაც, სხვა ლოკომოტიველებსაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც. ვაჩვენებ ჩემ კლუბს, რისი გაკეთება შეიძლება აქ. რაც ყველაზე საინტერესოა ჩემს გეგმებში, ეს აკადემიაა. ზუგდიდს ორი მოედანი აქვს და ამდენივეს გაკეთება შეიძლება. 

ზუგდიდში ყველას სურს ფეხბურთის თამაში. ფეხბურთის გარდა იქ, პრაქტიკულად, არაფერია. ქალაქში იმდენი მოთამაშეა, რომ თავისუფლად გვეყოფა.

ზაზას, რომელიც მოსკოვურ გუნდში 1996-2001 წლებში გამოდიოდა, გიორგი ჯიქიას არჩევანი არ ესმის.

როდის ველოდოთ ზუგდიდს ჩემპიონთა ლიგაში?

ორი წლის შემდეგ! სერიოზულად კი, მინდა აქ გავაკეთო ის, რაც ლოკომოტივში მინახავს. პალიჩი ყველაფერ აკეთებდა, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთში სიყვარული ჰქონოდათ. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ.. იმედი მაქვს, ზუგდიდშიც ასეთი კოლექტივი მეყოლება. თუკი ამას შევძლებ, მაშინ ყველაფერი გამოვა.

ზაზა ჯანაშიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

თქვენც ისე შეებრძოლებით ფეხბურთელებში ზედმეტ წონას, როგორც ამას სიომინი აკეთებდა?

ალბათ, კი. თუმცა, მოგეხსენებათ, ზოგიერთები მოთამაშეებს ზედმეტი კილოგრამებისთვის ასი დოლარით აჯარიმებენ. მაგრამ, თუკი ადამიანი კარგად თამაშობს, მისი დაჯარიმება საჭირო არაა. ლოკომოტივში მეც მინდობდნენ. კარგი მატჩების შემდეგ სიომინს ჩემი წონა ავიწყდებოდა.

მოგებისთვის სახინკლეში წაიყვანთ?

როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერი შეიძლება!

ლოკომოტივის თავდამსხმელები: ზაზა ჯანაშია და რუსლან პიმენოვი რუსეთის თასი 2001-ით 

რას ფიქრობთ ლოკომოტივზე, გახდება ჩემპიონი?

100 პროცენტით! მთელი საქართველო ქომაგობს. იქ ხომ ქართველი კვერკველია თამაშობს! უწინ იქ ჯანაშია იყო, ახლა - საბა.

ლოკომოტივის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?

თუკი კვერკველიას გამოვაკლებთ, გუნდის უკანა ხაზში ქაოსი გამეფდება.

ჯანაშია-ფეხბურთელი გაცდებოდა კვერკველიას?

ჰა-ჰა, გაცდებოდა, თუმცა, გაუჭირდებოდა. საბას ძალიან გრძელი ფეხები აქვს, ტანმაღალია. დაღლილი კვერკველიას მოტყუება კიდევ შეიძლება.

კვერკველიამ რუსეთის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ამჯობინა, ჯიქიამ - პირიქით. გესმით გიორგის არჩევანის?

მაინც და მაინც არა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ! კარგი ფეხბურთელები ჩვენ გვჭირდება, რუსეთი კი დიდია, თქვენთან ფეხბურთელის მოძებნა შეიძლება. გასაგებია, რომ კვერკველია რუსეთის ნაკრებში არ დაიკარგებოდა, მეტიც, ძალიანაც წაადგებოდა. მაგრამ ჩვენ რა?! ამიტომაც მინდა ახალი თაობა გავზარდო, მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვისაც.

ზაზა ჯანაშიამ ლოკომოტივის მაისურით ჩატარებულ 194 მატჩში 51 გოლი გაიტანა 

ვინ უფრო ძლიერია, კვერკველია თუ ჯიქია?

მწვრთნელები გუნდებში მათ სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშენ და მოთხოვნებიც განსხვავებული აქვთ. მაგრამ, ახლა რაც ჩანს, სოლომონი უფრო ძლიერია. წავიკითხე კიდეც, რომ ინგლისის პრემიერლიგაში შეიძლება გადავიდეს. თუმცა, მიმაჩნია, რომ პალიჩი მას არ გაუშვებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართველები უყვარს! სიომინს ინტერვიუშიც უთქვამს: “ქართველის გარეშე გუნდი არ კეთდება”. 

თქვენ სიომინის უსაყვარლესი ქართველი ხართ?

ნამდვილად!

ლოკომოტივში ვინმე აღნიშნავს გოლებს ისე შთამბეჭდავად, როგორც ამას თქვენ აკეთებდით?

არავინ. აი, ჩემი ვაჟი აკეთებს მალაყებს. ვუჩვენე და ისწავლა. ახლა ცხრა წლისაა, ისიც თავდამსხმელია. მამას ჰგავს!

ზაზა ჯანაშიას საფირმო მალაყს დღეს მისი ვაჟი აკეთებს.

სამივე ვაჟს ზუგდიდში მიიყვანთ?

სად წავლენ! უფროსი უკვე ჩვენთანაა, ის 14 წლისაა. ორი კი თბილისის დინამოს აკადემიაშია. თუკი კარგად ითამაშებენ, მოვიწვევ ჩვენთან. სამიდან ერთი მაინც ნამდვილად გახდება ჯანაშიების საფეხბურთო გვარის ღირსეული გამგრძელებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები