Thumbnail
  • 3 წაგება ბოლო 4 მატჩში - სიტის კრიზისი დაეწყო
  • პეპ გვარდიოლას გუნდი პირველი ადგილს შორდება
  • წარუმატებელ სერიას გარკვეული მიზეზები აქვს

2 თამაში 5 დღეში, მაგრამ ერთადერთი, რაც მანჩესტერ სიტიმ ამ დღეებში იზეიმა, შობა იყო. ინგლისის 100-ქულიანმა და 106-გოლიანმა ჩემპიონმა ერთ კვირაში იმაზე მეტჯერ წააგო, ვიდრე მანამდე ნახევარ სეზონში და გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უკვე ისე ლაპარაკობს, როგორც გავარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი გუნდების მწვრთნელები ლაპარაკობენ ხოლმე.

“უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე ისევ მოვიგოთ!” - თქვა პეპმა “ბოქსინგ დეიზე” ლესტერთან 1:2 წაგების შემდეგ, რაც სიტისთვის ზედიზედ მეორე მარცხი იყო. ასე და ამგვარად, სიტი უცებ მესამე ადგილზეა და ლიდერ, დაუმარცხებელ ლივერპულს უკვე 7 ქულით ჩამორჩება. რა მოხდა? რა დაემართა სიტის?

პრობლემები დაცვაში

იმ დროს, როცა ლივერპულს 19 მატჩის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული (2 შინ, 5 სტუმრად), მანჩესტერ სიტი ბოლო 9 ოფიციალური თამაშია, მინიმუმ ერთს მაინც უშვებს და კარს მშრალად ვეღარ ინახავს.

9 თამაშია, სიტის კარი მშრალად არ შეუნახავს

“ცხადია, ეს ამბავი ძალიან გვაღელვებს,” - ამბობს გვარდიოლა, მაგრამ ამ ტენდენციის გამოსასწორებლად ვერაფერს ახერხებს. ბოლო დროს სიტის ზედმეტად ადვილად უტანენ გოლებს კონტრშეტევებზე და მცველები ზედმეტად ბევრ ინდივიდუალურ შეცდომებს უშვებენ. თუმცა, სიტის წარუმატებლობებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს…

უიღბლობა

პრემიერლიგის ბოლო 4 თამაშში მეტოქემ სიტის პირველივე ზუსტი დარტყმა გოლად უქცია, წაგებულ მატჩებში კი გვარდიოლას გუნდს მართლაც საოცნებო გოლები გაუტანეს - ისეთები, ყოველდღე რომ ვერ ნახავს ფეხბურთის მოყვარული ადამიანი.

2 თამაში 5 დღეში, მაგრამ ერთადერთი, რაც მანჩესტერ სიტიმ ამ დღეებში იზეიმა, შობა იყო

“დღეს ისევ ფანტასტიკური გოლი გაგვიტანეს,” - თქვა პეპმა ლესტერის მეორე გოლზე, რომელიც რიკარდო პერეირამ შეაგდო. ასეთი მომენტები წაგებულ გუნდზე ყოველთვის კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს და გავლენა, განსაკუთრებით ერთ რამეზე აქვს ხოლმე. ეს არის…

თავდაჯერება

გვარდიოლას თქმით, გუნდს თავდაჯერება აკლდა არა მარტო იმ დროს, როცა ლესტერმა ანგარიში მალევე გაათანაბრა, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში.

ბოლო დროს სიტის ზედმეტად ადვილად უტანენ გოლებს

“ვერ შევძელით, გვეთამაშა ისე, როგორც საერთოდ ვთამაშობთ ხოლმე, - ეს ლესტერის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორის, ბერნარდო სილვას სიტყვებია, - სასწრაფოდ უნდა გავიგოთ, რატომ გვემართება ასე.” პეპი კი ამბობს, რომ გუნდის განწყობისა და თავდაჯერებისთვის სასწრაფოდ მოგებათა სერიაა საჭირო.

ფერნანდინიო

რამდენად მნიშვნელოვანია 33 წლის ბრაზილიელი მანჩესტერ სიტისთვის - ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს ხოლმე, როცა ის არ თამაშობს. ფერნანდინიომ ამ სეზონის 23 მატჩში იასპარეზა და სიტი მასთან ერთად საშუალოდ ერთ მატჩში 2,48 ქულას იღებდა. აი, ბრაზილიელის გარეშე კი გუნდი საშუალოდ ერთ თამაშში მხოლოდ 1 ქულას იღებს. პრემიერლიგაში სიტის ფერნანდინიო ორ მატჩში დააკლდა და პეპის გუნდმა ეს ორივე შეხვედრა წააგო - კრისტალ პალასთან 2:3 და ლესტერთან 1:2.

3 იანვარს სიტი ლივერპულს უმასპინძლებს!

“გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, - ამბობს გვარდიოლა, - ფერნანდინიო ტრავმირებულია და მის გარეშეც უნდა მოვიგოთ თამაშები.” გამოჩნდა, რომ გვარდიოლას ტყუილად არ სურდა ჟორჟინიოსა (ახლა ჩელსიშია) და ფრედის (მანჩესტერ იუნაიტედშია) გადაბირება. 

კონკურენტები

“ჩვენი კონკურენტები ახლა ჩვენზე უკეთ გამოიყურებიან!” - აღიარებს გვარდიოლა. დავამატებდით: გაცილებით უკეთ, ვიდრე შარშან! დაუმარცხებელ ლიდერ ლივერპულს (51 ქულა) სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ 16-ით მეტი ქულა აქვს, ვიდრე შარშან ამ დროს. ტოტენჰემს კი (45), 11 ქულით მეტი აქვს, ვიდრე შარშან ამ დროს ჰქონდა. და მანჩესტერ სიტის? 11 ქულით ნაკლები, ვიდრე შარშან ამ დროს.

ახლა, 19 ტურის შემდეგ სიტის 44 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. შარშან ამ დროსაც რომ ამდენი ქულა ჰქონოდა, პრემიერლიგის პირველ წრეს მაინც მოიგებდა! აქედანაც ჩანს, თუ რამდენად უკეთესი კონკურენტები ჰყავს წელს სიტის, რომელიც ლივერპულს ახლა 7 ქულით ჩამორჩება.

ლივერპულის დამრიგებელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ “ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე დაძაბული იქნება”. გერმანელის აზრით, ჩელსის (მე-4 ადგილი, 40 ქულა) და არსენალის (მე-5 ადგილი, 38 ქულა) ჩამოწერაც ნაადრევია.

3 იანვარს ლივერპული სწორედ სიტის უნდა ესტუმროს. კლოპი: “მათ ადგილზე ვიფიქრებდი, რომ ლივერპულს 4 ქულით ჩამოვრჩები, რადგან ჩვენ მათ უნდა ვესტუმროთ.” ეს, მით უმეტეს ახლა, რა თქმა უნდა, სისულელეა, მაგრამ კლოპის ადგილზე, ალბათ გვარდიოლაც ამას იტყოდა...

კომენტარები

ბოლო ამბები