Thumbnail

საქართველოს წინსვლა 15 ადგილით - ფიფას ბოლო რეიტინგი 2018 წელს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველომ წელიწადი ფიფას რეიტინგში 104-ე ადგილზე დაიწყო და 89-ეზე დაასრულა
  • დეკემბრის რეიტინგში, ნოემბერთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა 

ფიფას საიტზე 2018 წლის ბოლო, დეკემბრის სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. საქართველომ წელიწადი ნოემბერში დაკავებულ 89-ე პოზიციაზე, 1269 ქულით დაასრულა, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის დეკემბრის რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 104-ე პოზიცია ეკავა და პროგრესი 15 ადგილს შეადგენს, წელიწადი ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ამ მხრივაც წარმატებულად შეიძლება შეფასდეს.

2018 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯამში 10 შეხვედრა გამართა (6 ოფიციალური, 4 ამხანაგური), საიდანაც 8 მოიგო, თითო კი ფრედ და მარცხით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც პირველ მატჩს 23 მარტს, შინ შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. იქამდე დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრების შესახებ კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

წინა თვესთან შედარებით, ცვლილება არ მომხდარა ფიფას რეიტინგის პირველ ათეულშიც, რომელსაც კვლავაც ბელგია ლიდერობს, მეორეზე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთია. ერთადერთი ცლილება რეიტინგის ასეულში ომანის 82-ე საფეხურზე აღზევება და იქიდან ზამბიის 83-ეზე დაქვეითებაა. წლის განმავლობაში კი ყველაზე დიდი პროგრესით კოსოვო გამოირჩა, რომელმაც 177-ე ადგილიდან 131-ეზე აინაცვლა.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. ბელგია - 1727 ქულა 
2. საფრანგეთი - 1726 
3. ბრაზილია - 1676
4. ხორვატია - 1634
5. ინგლისი - 1631
6. პორტუგალია - 1614
7. ურუგვაი - 1609
8 (8). შვეიცარია - 1599 
9. ესპანეთი - 1591 
10. დანია - 1589.

კომენტარები

ბოლო ამბები