Thumbnail
  • 3 იანვარს სამეფო თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა.
  • ატლეტიკოში ვიტოლოსა და დიეგო კოშტას დებიუტები შედგა.
  • ვინჩენცო მონტელამ სევილიას მწვრთნელის რანგში პირველი თამაში მოიგო.

ესპანეთში კოპა დელ რეის 1/8 ფინალის პირველი მატჩები გაიმართა. მადრიდის ატლეტიკომ სტუმრად ლეიდა 4:0 გაანადგურა და ფაქტობრივად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური.

დიეგო სიმეონეს გუნდში გოლები დიეგო გოდინმა, ფერნანდო ტორესმა, დიეგო კოშტამ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

დიახ, ატლეტიკოს რიგებში დიეგო კოშტას ხელახალი დებიუტი შედგა, ჩელსიდან დაბრუნებულმა ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა 64-ე წუთზე ანხელ კორეა შეცვალა და ზუსტად 5 წუთში გაიტანა. ატლეტიკოს რიგებში ვიტოლოს დებიუტიც ვიხილეთ, ის მოედანზე 59-ე წუთზე ფერეირა-კარასკოს ნაცვლად გამოვიდა.

სხვათა შორის კოშტამ გოლის გატანისას მცირე ტრავმა მიიღო და ახლა მისი თამაში ხეტაფესთან საეჭვოა.

დიეგო კოშტა: ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად.

ვინჩენცო მონტელამ სევილიას მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო

სევილიამ სტუმრად კადისს 2:0 მოუგო და ამ წყვილის ბედიც დიდწილად გადაწყვეტილია. ამ შეხვედრაში სევილიას თავკაცის პოსტზე ვინჩენცო მონტელას დებიუტი შედგა. ანდალუსიელებს ნოლიტომ და ხესუს ნავასმა მოაგებინეს, მონტელას კი შაბათს სევილიური დერბი ელის.

ვინჩენცო მონტელა: დღეს სევილია მილანზე უკეთესი გუნდია.

სხვა მატჩებში ვალენსიამ კანარის კუნძულებზე 1:1 ითამაშა ლას პალმასთან. "ღამურები" აგებდნენ, რომ არა როდრიგოს გოლი 85-ე წუთზე. ვალენსიას მწვრთნელი მარსელინო დაუბრუნდა, რომელსაც 23 დეკემბერს ავარია შეემთხვა. ალავესმა სტუმრად მოუგო ფორმენტერას - 3:1.

სელტა-ბარსელონა, ლეგანესი-ვილიარეალი, ესპანიოლი-ლევანტე და ნუმანსია-რეალი 4 იანვარს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 10-11 იანვარს. 

კომენტარები

ბოლო ამბები