- ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
- საქართველომ რეიტინგში ერთი საფეხურით წაიწია და 92-ეა
- რეიტინგის სათავეში ბელგიაა, მსოფლიოს ჩემპიონი კი მეორეა
ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. ოქტომბრის რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და 1265 ქულით ამჟამად 92-ე პოზიციაზეა.
ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის უეფას ერთა ლიგაში ასპარეზობა წარმატებული გამოვიდა - 4 მატჩიდან 4 მოგება! ბოლო ორი მატჩი კი ნაკრებმა სწორედ ოქტომბერში ჩაატარა და ორივე ერთნაირი ანგარიშით - 3:0 მოიგო, შინ ანდორასთან და სტუმრად ლატვიასთან. შედეგად, ვაისის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი, პლეი ოფში თამაში და C დივიზიონში აღზევება გაინაღდა. ანდორასა და ლატვიასთან გამარჯვება ფიფას რეიტინგში 10 ქულით დაფასდა.
უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგები: ყაზახეთი (117-ე ადგილი), ლატვია (132), ანდორა (133).
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში დარჩენილ ორ მატჩს ნოემბერში ჩაატარებს - 15-ში სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება, 19-ში კი ყაზახეთს უმასპინძლებს.
ფიფას განახლებულ რეიტინგს ერთპიროვნულად ლიდერობს ბელგიის ნაკრები (1733 ქულა), მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი (1732) კი მეორე ადგილზეა. ტოპ-ათეულში ადგილები გაცვალეს ინგლისმა და ურუგვაიმ. ინგლისელები 1619 ქულით მეხუთეზე აღზევდნენ, ურუგვაელები კი 1617 ქულით მეექვსეზე ჩამოქვეითდნენ.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული
1 (1). ბელგია - 1733 ქულა
1 (1). საფრანგეთი - 1732
3 (3). ბრაზილია - 1669
4 (4). ხორვატია - 1635
5 (6). ინგლისი - 1619
6 (5). ურუგვაი - 1617
7 (7). პორტუგალია - 1616
8 (8). შვეიცარია - 1598
9 (9). ესპანეთი - 1594
10 (10). დანია - 1584
ოქტომბერში ყველაზე დიდი პროგრესი გიბრალტარს აქვს (+8 საფეხური), რომელმაც ამ თვეში ისტორია დაწერა - პირველი ოფიციალური მატჩები მოიგო (სომხეთსა და ლიხტენშტაინთან). ამჟამად გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 190-ეა. ყველაზე დიდი რეგრესი მოზამბიკს აქვს, რომელიც 9 საფეხურით დაქვეითდა და 122-ე პოზიციაზეა. ფიფას რეიტინგი 29 ნოემბერს განახლდება.
კომენტარები