Thumbnail
  • ⚽ დორტმუნდი V ატლეტიკო 📅 24 ოქტომბერი ⌚ 23:00 📺 SILK SPORT HD2
  • ცენტრალური მატჩი A ჯგუფში: ბრძოლა პირველობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ატლეტიკომ სეზონი ცუდად დაიწყო: 4 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება და ბურთების შეფარდება 10:5 ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-5 ადგილს ნიშნავს, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი ლიდერ ბარსელონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ანუ, ატლეტიკო ლა ლიგაში არცისე ცუდ მდგომარეობაშია, როგორც სატურნირო ცხრილიდან ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. 

ჩემპიონთა ლიგაში კი სიმეონეს გუნდმა ორივე თამაში მოიგო (2:1 მონაკოში, 3:1 ბრიუგესთან) და დღეს ეთამაშება დორტმუნდის ბორუსიას, რომელსაც ასევე ორივე თამაში მოგებული აქვს (1:0 ბრიუგეში, 3:0 მონაკოსთან), გერმანიის ჩემპიონატში კი, 8 ტურის შემდეგ 20 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ანტუან გრიზმანი და დიეგო კოშტა

სიმეონეს მოედანზე ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობის გაყვანა შეუძლია - კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ცენტრალური მცველის, ხოსე მარია ხიმენესის თამაშია. რაც მთავარია, კარგადაა დიეგო კოშტა და, შესაძლოა, თომა ლემარიც სასტარტოში იყოს. დაცვის ცენტრში კი, ურუგვაელი ხიმენესი, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა ერნანდესმა შეცვალოს.

მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი და რთულია - ბორუსიას ახალგაზრდული და შეტევებზე ორიენტირებული გუნდი ატლეტიკოს მკაცრი დაცვის წინააღმდეგ. სიმეონეს გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში ისევ ყველაზე ცოტა, 9 თამაშში მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული. ატლეტიკომ ამ სეზონში ერთ შეხვედრაში ერთზე მეტი ბურთი მხოლოდ ერთხელ, სელტასთან (0:2) მიიღო. 

შესანიშნავ ფორმაშია მადრიდელთა მეკარე იან ობლაკი - 25 წლის სლოვენიელი კიპერი უკვე დიდი ხანია, ტოპ მეკარედ ჩამოყალიბდა. ამბობენ, რომ მასზე პარი სენ ჟერმენის ხელმძღვანელები ფიქრობენ და სწორედ ამ დროს შეაქო ის პსჟ-ს ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა - თუ გსურთ, რომ დღეისათვის სამი საუკეთესო მეკარე დავასახელო, მაშინ ნოიერს, ობლაკს და ალისონს ვიტყვიო.

დაახლოებით ასევე ფიქრობს იკერ კასილიასიც, რომელმაც “ტვიტერზე” დაწერა, გულახდილად რომ ვთქვა, საუკეთესო მეკარეებად დღესდღეობით ობლაკი და ტერ შტეგენი მიმაჩნიაო. ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ოთხშაბათს საღამოს ბუფონის და კასილიასის სიტყვები.

კომენტარები

ბოლო ამბები