Thumbnail
  • ჯანო ანანიძე ახალი მწვრთნელის მოლოდინში
  • კანდიდატები: ჟარდიმი, ჩერჩესოვი, სლუცკი, ბერდიევი

კვირას, მოსკოვის სპარტაკმა საკუთარ მოედანზე ტულის არსენალთან 2:3 წააგო. ეს იყო სპარტაკის ზედიზედ მესამე საშინაო მარცხი, რის შემდეგაც კლუბის მესვეურებმა მასიმო კარერა გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან. დროებით, მისი ადგილი სამწვრთნელო შტაბის წევრმა, რაულ რიანჩომ დაიკავა, თუმცა უახლოეს მომავალში სპარტაკს ახალ მწვრთნელს დაუნიშნავენ.

ვინ იქნება მოსკოვური გუნდის და შესაბამისად, ჯანო ანანიძის ახალი მთავარი მწვრთნელი? - რუსულ მედიაში რამდენიმე გვარი სახელდება, მათ შორის ყველაზე ხშირად კი მონაკოს ექს-დამრიგებელზე, ლეონადრო ჟარდიმზე საუბრობენ. ჟარდიმის თავკაცობით მონაკომ არაერთ წარმატებას მიაღწია, თუმცა ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში კატასტროფული სტარტის შემდეგ, მონაკომ მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მოკლედ, დიდია შანსი, ჯანო ანანიძის ახალი მწვრთნელი ჟარდიმი გახდეს, თუმცა სახელდება სხვა კანდიდატებიც, კერძოდ კი სტანისლავ ჩერჩესოვი, ლეონიდ სლუცკი და კურბან ბერდიევი. ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად იწერება, რომ შესაძლოა ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებს დაემშვიდობოს და საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს, სპარტაკი კი მისთვის იდეალური ვარიანტია. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები