- ტურის ცენტრალურ მატჩში იუვენტუსმა დამაჯერებლად იმარჯვა
- რონალდოს მონაგარი სერია A-ში - 3 გოლი, 4 პასი
- დერბი რომამ მოიგო - დი ფრანჩესკო გადარჩა
სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ტურინის იუვენტუსმა ნაპოლის უმასპინძლა, თამაშის შემოტრიალება მალევე შეძლო და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 3:1. 7-დან 7 მოგების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს.
მე-10 წუთზე მასპინძლებმა საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი და ხოსე კალეხონმა დრის მერტენსს გაატანინა. ამის შემდეგ იუვენტუსი დომინირებდა - 26-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და მარიო მანჯუკიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

49-ე წუთზე კრიშტიანოს დარტყმული ძელს მოხვდა და იქვე დადარაჯებულმა მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა. 58-ე წუთზე სტუმრები პაულო დიბალას ეუხეშნენ, მსაჯმა პორტუგალიელი მარიო რუი გააძევა. 76-ე წუთზე, კრიშტიანომ კუთხურის შემდეგ ბურთს მიმართულება შეუცვალა, ლეონარდო ბონუჩიმ კი ფეხი მიარტყა და გაიტანა.
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "დღეს ძალზე მნიშვნელოვანი, შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ".

საინტერესო ფაქტები
► მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა იუვენტუსმა სეზონის სტარტზე 8 თამაში მოიგო (1 ლიგაზე), პირველი 1930/31 წლების სეზონით თარიღდება.
► პირველად მოხდა, რომ მარიო მანჯუკიჩმა იტალიის ჩემპიონატის პირველ 7 ტურში 3 გოლის გატანა შეძლო.
► კრიშტიანო რონალდოს 3 გოლი და 4 პასი დაუგროვდა.

იუვენტუსი 3:1 ნაპოლი
გოლები: 0:1 მერტენსი (10), 1:1 მანჯუკიჩი (26), 2:1 მანჯუკიჩი (49), 3:1 ბონუჩი (76)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ჯანი (61. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - დიბალა (64. ბერნარდესკი), მანჯუკიჩი (84. კუადრადო), რონალდო
ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი (69. რუისი), ჟიელინსკი (61. მალკიუი) - ინსინიე, მერტენსი (61. მილიკი)
გაძევება: მარიო რუი (58)
კომენტარები