Thumbnail
  • ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა 
  • 8 სექტემბერი: ინგლისი V ესპანეთი
  • 11 სექტემბერი: ესპანეთი V ხორვატია

ესპანეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - ბარსას ექს-თავკაცმა ჟორდი ალბა, კოკე და იაგო ასპასი არ მიიწვია. 

როცა ბარსელონას წვრთნიდა, ლუის ენრიკეს მარცხენა მცველ ჟორდი ალბასთან პრობლემები ჰქონდა, ერთი პერიოდი ალბა კატალონიური გრანდიდან წასვლასაც აპირებდა. ბოლო წლებში ჟორდი ალბა ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო დაცვის მარცხენა ფრთაზე, ახლა კი შანსი ვალენსიელ გაიას ან მარკოს ალონსოს მიეცემათ. 

ალბას ლუის ენრიკეს დროს პრობლემები ჰქონდა, სამაგიეროდ, ერნესტო ვალვერდეს ხელში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და ბარსელონაში შესანიშნავი ტანდემი შექმნა ლეო მესისთან. არგენტინელს ხშირად გააქვს გოლები ალბას შეტევებში ჩართვების შემდეგ. 

ბარსელონაში ყოფნის ბოლოს სეზონში ლუის ენრიკემ 4-3-3 სისტემის ნაცვლად 3-4-3-ით დაიწყო თამაში. ამას კი ჟორდი ალბას სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა შეეწირა.

როდესაც ლუის ენრიკეს შეეკითხნენ, თუ რატომ არ დაუძახა ფეხბურთელს, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის "ფირია როხას" წევრია, ესპანელთა თავკაცმა ასე უპასუხა: "მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია ლაპარაკი, რომლებიც ნაკრებში მივიწვიე, მათზე, ვინც გუნდში არ იქნება, არაფერს ვიტყვი". 

ალბასა და ლუის ენრიკეს ურთიერთობა ჯერ კიდევ ბარსელონაში დაიძაბა

24-კაციან სიაში არ არის ატლეტიკოს ნახევარმცველი კოკე, რაც ასევე დიდი მოულოდნელობაა, არ არიან არც იაგო ასპასი და ლუკას ვასკესი. 

ლუის ენრიკეს გუნდში 6 დებიუტანტია, მათ შორის არის დიეგო ლორენტე, რეალ სოსიედადის ფეხბურთელი წინა ტურში მძიმედ დაშავდა. ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში პირველად მიიწვია: პაუ ლოპესი (ბეტისი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), დანი სებალიოსი (რეალი) და სუსო (მილანი). 

რატომ ელოდით რევოლუციას?

ლუის ენრიკეს პრეზენტაცია

ესპანურ მედიაში დიდი მოლოდინი იყო ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით. ბევრმა ამას უკვე შეარქვა ლუის ენრიკეს რევოლუცია. ფაქტია, მუნდიალზე წაგების შემდეგ, გუნდს ახალი სისხლი ესაჭიროება. თავად მწვრთნელი კი სხვა აზრზეა, რევოლუცია საჭირო არ არის.

"ჯერ არც ერთ ფეხბურთელთან არ მილაპარაკია, თუ არ ჩავთვლით პიკეს, რომელმაც საერთაშორისო კარიერა დაასრულა. ეს ჩემი სტილია. სულაც არ მიმაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრებში რევოლუციის დროა. სერხიო რამოსი კაპიტანია, ის არ არის ნაკრების ერთი ჩვეულებრივი წევრი. 4-3-3 სქემით დავიწყებ, ოღონდ, არ მაქვს კარი ჩაკეტილი სხვა ვარიანტებისთვისაც", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ესპანეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში 8 სექტემბერს ინგლისს ესტუმრება, ხოლო 11 სექტემბერს ხორვატიას მასპინძლობს. 

ესპანეთის ნაკრები

მეკარეები: დავიდ დე ხეა, კეპა არიზაბალაგა, პაუ ლოპესი

მცველები: დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, სესარ ასპილიკუეტა, რაულ ალბიოლი, დიეგო ლორენტე, ინიგო მარტინესი, მარკოს ალონსო, ხოსე გაია

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, საულ ნიგესი, როდრი ერნანდესი, ტიაგო ალკანტარა, დანი სებალიოსი

ფორვარდები: ისკო, მარკო ასენსიო, დიეგო კოშტა, ალვარო მორატა, სუსო, როდრიგო

კომენტარები

ბოლო ამბები