Thumbnail

სამუელ ეტო'ოც ყატარში - კამერუნელი თავდამსხმელის მე-13 კლუბი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 37 წლის კამერუნელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი ყატარ სკ-სთან გააფორმა
  • 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი ვეტერანი ვარსკვლავების მიწვევას აგრძელებს

კამერუნელი თავდამსხმელი სამეულ ეტო’ო, რომელიც ბარსელონაში, ინტერსა და ჩელსიში თამაშითაა ცნობილი, კარიერას ყატარში გააგრძელებს.

37 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ყატარ სკ-სთან გააფორმა, რის შესახებაც კლუბის პრესსამსახური იუწყება, თუმცა გარიგების ვადებისა და ფინანსური დეტალების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. კამერუნელი გუნდის ღირსებას 81-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ყატარ სკ კამერუნელისთვის პროფესიონალურ კარიერაში მე-13 კლუბია. ფეხბურთელი, რომელსაც ზემოთ დასახელებული კლუბების გარდა, ასევე რეალის, ლეგანესის, ესპანიოლის, ევერტონის, სამპდორიას, ანჟისა და ანტალიასფორის ღირსებას იცავდა, ბოლოს კონიასფორში გამოდიოდა.

ეტო’ომ ამ თურქულ გუნდთან კონტრაქტი აგვისტოს დასაწყისში, ორმხრივი შეთანხხმების საფუძველზე გაწყვიტა. მაშინ კამერუნელი ამბობდა, რომ წინადადებები ფრანგული კლუბებიდან ჰქონდა. 

ეტო’ო მსოფლიო დონის მესამე ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც 2022 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ითამაშებს. ყატარულ ალ სადში 2015 წლიდან გამოდის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, ამა წლის იანვარში კი ალ გარაფასთან კონტრაქტი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა გააფორმა.

სამუელ ეტო’ომ კამერუნის ნაკრებთან ერთად სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო, ორჯერ კი - აფრიკის თასი (2000, 2002)

თავდამსხმელმა ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა 3-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ. მილანის ინტერთან ერთად კი თითოჯერ იზეიმა გამარჯვება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში. 

ყატარ სკ 1959 წელს დაარსდა. ამ კლუბის განკარგულებაში ქვეყანაში სიდიდით მეოთხე სტადიონია - "ყატარ სკ სთედიუმი", რომელიც 19 000 მაყურებელს იტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები