Thumbnail

სექსსიმბოლო და ოჯახის კაცი - ვინ არის ყველაზე ძვირადღირებული ბრაზილიელი მეკარე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვინ არის მსოფლიოს უძვირფასესი მეკარე?
  • ცოტა რამ ალისონის პირადი ცხოვრებიდან

ლივერპულმა რომას ბრაზილიელი მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა - ეს რეკორდია. მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი მას მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. ვინ არის ალისონი? გადავწყვიტეთ, ბრაზილიელი მეკარე ახლოს გაგაცნოთ.

მისი ცხოვრება ბრაზილიაში

ალისონი (სრული სახელი: ალისონ რამზეს ბეკერი) 1992 წლის ოქტომბერში, ნოვო ჰამბურგოში დაიბადა. ფეხბურთის თამაში პორტუ ალეგრეში დაიწყო (ერთი საათის სავალზეა). კლუბში, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, აილტონი, ლუსიო, ოსკარი და ფალკაოც გაიზარდნენ.

ალისონის დებიუტი პროფესიონალებში 21 წლის ასაკში შედგა. მან პირველად 2013 წლის 17 თებერვალს, კრუზეიროსთან ითამაშა - მატჩი 1:1 დასრულდა და სწორედ იმ შეხვედრაში გაუშვა პირველი გოლი პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში. 2012/2013 წლების სეზონში ალისონმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარი მშრალად მხოლოდ ერთ მატჩში (0:0 კურიტიბასთან) შეინახა.

ალისონი და მისი ძმა მურიელი ბავშვობაში

გუნდის პირველი მეკარე ალისონი მხოლოდ 2 წლის შემდეგ გახდა და სწორედ მაშინ გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც. მაშინ “სელესაოს” მთავარი მწვრთნელი დუნგა გახლდათ. იმავე წელს იქორწინა მეუღლე ნატალიაზეც.

ალისონის დიდი სიყვარული

ნატალია და ალისონი

მომხიბვლელი ნატალია ალისონმა 2012 წელს გაიცნო. მაშინ ის ჯერ კიდევ ინტერნასიონალში თამაშობდა, ნატალია კი მედიცინის სტუდენტი გახლდათ. სამი წლის შემდეგ დაქორწიდნენ - ნატალია უკვე ექიმი იყო. 2017 წელს კი ქალიშვილი ჰელენა ეყოლათ.

“ვფიქრობ, სხვა ფეხბურთელებისგან იმით განვსხვავდები, რომ როგორც კი დიდი სიყვარული ვიპოვნე, მაშინვე დავქორწინდით და მას არასდროს დავშორდები, - ამბობს ალისონი და ხუმრობით ამატებს: “როცა თავს ცუდად იგრძნობ, უმჯობესია, ექიმთან ერთად ცხოვრობდე, ვიდრე მოდელთან.”

“სწავლის დამთავრებიდან 5 თვეში მან ბრაზილია მარტო იმის გამო დატოვა, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა,” - იხსენებს ალისონი. 

მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია, ალისონი ბრაზილიაში სექს-სიმბოლოდაა აღიარებული. “უამრავი გოგონა ცდილობდა ჩემს დაინტერესებას - მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ყველა ზეიმზე თან დამყავს. ჩემზე გოგონები განსაკუთრებით ბრაზილიაში ნადირობენ. უნდა ნახოთ, როგორ იგერიებს ხოლმე მათ ნატალია,” - ამბობს ალისონი.

განსაკუთრებული კავშირი გერმანიასთან

მე-19 საუკუნეში, გერმანელების გარკვეული ჯგუფი ბრაზილიაში გადაიხვეწა. მათ შორის იყვნენ ალისონის წინაპრებიც. თაობების შემდეგ, ალისონის მამა დღემდე ლაპარაკოვს გერმანულად - თვითონ მსოფლიოს უძვირფასესმა მეკარემ კი გერმანული არ იცის. სწორედ გერმანული ფესვების გამო შეარქვეს იტალიაში “გერმანელი”. გაზეთი La Repubblica წერდა, გერმანელივით სოლიდური, რაციონალური და პრაგმატულიაო.

მისაბაძი მაგალითი

ალისონის უფროსი ძმა მურიელი ლისაბონის ბელენენსესში თამაშობს და ისიც მეკარეა. “ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში,” - ამბობს ლივერპულის კიპერი. “მან იცის, რომ ძალიან მიყვარს. ის ჩემით ამაყობს, მე კი მისით,” - ეს მურიელის სიტყვებია.

ალისონი ძმასთან და მამასთან ერთად

თავისუფალ დროს ალისონი სიამოვნებით უკრავს გიტარაზე. ასევე უყვარს ცხენზე ჯირითი, რასაც მხოლოდ ბრაზილიაში ახერხებს ხოლმე. ინსტაგრამზე ხშირად პოსტავს სუშის ფოტოებს. ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ძვირადღირებული სუპერ-ავტომობილებით არ იწონებს თავს. ალისონი უფრო ოჯახის კაცია.

კომენტარები

ბოლო ამბები