Thumbnail

საქართველო PRO16-ში? 'ბორჯღალოსნებს' 6 ერის ალტერნატივის შანსი გაუჩნდათ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ყოფილი 'კელტთა ლიგა' კარს კიდევ 2 ახალ გუნდს გაუღებს
  • საქართველოსა და ამერიკის შანსი?

Wales Online-მა GUINNESS PRO14 სარაგბო ლიგის შეფ მარტი ანაისთან ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ანაიმ ლიგის შესაძლო გაზრდაზე ისაუბრა: "ვფიქრობ, კლუბების იდეალური რიცხვი 16-ია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის გაზრდის საშუალება და უკვე განვიხილავთ ახალი ფორმატის სტრუქტურებს. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - ახალი გუნდის პერსპექტივა, დაფინანსების დონე, მაყურებლების რაოდენობა და კონკურენტუნარიანობა".

ანაიმ განაცხადა, რომ ორი სამხრეთაფრიკული გუნდის დამატება წარმატებული გამოდგა, რაც მომავალში კიდევ ორის დამატების საკმაოდ კარგ პერსპექტივას აჩვენებს. თავად ლიგის შეფს სავარაუდო ახალი გუნდები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ rugger.info-ს ცნობით, კანდიდატებად აშშ და საქართველო განიხილებიან. 

მარტი ანაი

რა არის PRO14?

PRO14 ყოველწლიური სარაგბო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უელსური, ირლანდიური, იტალიური, შოტლანდიური და ახლა უკვე სამხრეთაფრიკული გუნდები. 
ეს საკლუბო ლიგა განიხილება, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო ლიგა ინგლისურ პრემიერშიფთან და ფრანგულ Top 14-თან ერთად. 

ყველაფერი დაიწყო 1999 წელს უელსურ-შოტლანდიური ლიგის ჩამოყალიბებით. მალე მას კელტური ლიგა ეწოდა, რადგან მასში ირლანდიური გუნდებიც ჩაერთო. 2010 წელს ლიგას 2 იტალიური გუნდი დაამატეს და ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი 10-დან 12-მდე გაიზარდა. 2011 წელს ლიგას Pro12 ეწოდა. 2017 წელს ლიგას კიდევ 2 ახალი გუნდი დაემატა. ამჯერად, სამხრეთი აფრიკიდან. 

ახლა ლიგაში 14 კლუბია - 4-4 ირლანდიიდან და უელსიდან, 2-2 შოტლანდიიდან, იტალიიდან და სამხრეთი აფრიკიდან. 

ამჟამინდელი ჩემპიონი დუბლინური ლენსტერი ირლანდიის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც 1879 წელს შეიქმნა. ლენსტერს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული PRO14 - ხუთჯერ. 

ანტონ ფეიქრიშვილი კარდიფთან ერთად ჩელენჯ კაპის გამარჯვებული გახდა

შეგახსენებთ, რომ ორ უელსურ კლუბში ქართველები თამაშობენ - ანტონ ფეიქრიშვილი კარდიფში. ის გუნდთან ერთად ერთ-ერთი ევროთასის, ჩელენჯ კაპის გამარჯვებულიც გახდა. სუონსის ოსფრიზში თამაშობს გიორგი ნემსაძე. 

როგორი სახით შეიძლება დაემატოს PRO14-ს საქართველო?

საქართველო (ან აშშ), როგორც ფრენჩაიზი. შესაძლებელი იქნება დიდი ათის საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგენილი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერდება. ეროვნული ნაკრების ბევრი წევრი ისედაც ძლიერ ჩემპიონატებში - ფრანგულ Top 14-ში და ინგლისურ პრემირშიფში - თამაშობს, თუმცა უფრო სუსტ ლიგებში მოთამაშე ლეგიონერების ნაწილის დაბრუნება PRO16-ში თამაშის პერსპექტივით, სავსებით რეალურია. 

კომენტარები

ბოლო ამბები