Thumbnail

ზივივაძემ და ბერიძემ ჩემპიონატი გოლებით და მოგებით დაასრულეს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მეჟოკოვეშდ ჟორი 2:3 უიპეშტი
  • უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლი უიპეშტის ორივე ქართველმა გაიტანა

უნგრეთის უმაღლესი ლიგის ბოლო, 33-ე ტურში გიორგი ბერიძისა და ბუდუ ზივზივაძის უიპეშტმა გასვლაზე მეჟოკოვეშდ ჟორი 3:2 დაამარცხა, გოლი კი ორივე ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ უიპეშტი 0:1 მარცხდებოდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლის გატანა მოახერხა. ანგარიში 59-ე წუთზე მატიას კატონამ გაათანაბრა, შემდეგ კი ქართველების ჯერი დადგა - ჯერ 66-ე წუთზე ბერიძემ უიპეშტი წინ გაიყვანა, 5 წუთში კი ზივზივაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოასწრეს და უიპეშტმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ კლუბმა ზივზივაძეს სპეციალური ჯილდო გადასცა - ზედიზედ მეორედ ბუდუ გუნდის თვის (აპრილი) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

25 წლის გიორგი ბერიძემ უნგრეთის აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 8 გოლი შეაგდო, ხოლო 28 წლის ბუდუ ზივზივაძემ თავი 13-ჯერ გამოიჩინა. ქართველების გუნდმა 44 ქულა დააგროვა და თუ პაკში ფეჰერვარს ვერ მოუგებს, უიპეშტი ჩემპიონატს მე-5 ადგილზე დაასრულებს. 

მოგეხსენებათ, ბუდუ უიპეშტი იჯარის წესით თამაშობდა და წესით, ფეჰერვარს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატის მეორე წრეში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, არაა გამორიცხული, ზივზივაძე უფრო ძლიერ გუნდშიც ვიხილოთ. გიორგი ბერიძეს კი უიპეშტთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უსრულდება და ჯერ უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი გარემარბი. 

კომენტარები

ბოლო ამბები