Thumbnail

'ობიექტურობისთვის სარკეში ჩაიხედოს' - როდიკი რუსული ჩოგბურთის ბოსზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ენდი როდიკმა მხარი ელინა სვიტოლინას დაუჭირა
  • ტარპიშევმა განაცხადა, რომ სვიტოლინა არავინაა

ამერიკელმა ექს-ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულმა ენდი როდიკმა რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ შამილ ტარპიშევს მიმართა.

74 წლის ტარიპეშვმა უკრაინის პირველი ჩოგნის, ელენა სვიტოლინას მოწოდებაზე, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა ამოიღონ ხმა ომის წინააღმდეგ, განაცხადა, რომ სვიტოლინა საერთოდ არავინაა და მისი აზრი არავის უნდა აინტერესებდეს. შამილმა დაამატა, რომ ელენას ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციონ, რადგან რუს ჩოგბურთელებს პრობლემები არ ექმნებათ და საერთაშორისო ტურნირებში კვლავ თამაშობენ. ენდი როდიკი კი რუსული ჩოგბურთის ბოსის სიტყვებმა გააღიზიანა და მას ტვიტერზე პოსტი მიუძღვნა.

"ტარპიშევის კარიერაში უმაღლესი პოზიცია 164-ე იყო. გარდა ამისა, მისი სტატისტიკა მხოლოდ 2-3-ზეა. სვიტოლინას სტატისტიკა კი 433-228 გახლავთ, მან ერთეულთა თანრიგში 16 ტიტული მოიგო და მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო. ვკითხავდი ტარპიშევს, რომ “არავინ” განმარტოს და შემდეგ კი ობიექტურობისთვის სარკეში ჩაიხედოს," - დაწერა ენდიმ.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუს ჩოგბურთელებს ქალთა და კაცთა ჩოგბურთის ასოციაციებმა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება შეუჩერეს და ახლა ისინი ტურნირებში თავისუფალი სტატუსით მონაწილეობენ. რაც შეეხება ტარპიშევს, ყურადღების ცენტრში შამილი ბოლოს 2014 წელს მოხვდა, როცა სერენა და ვენუს უილიამსებს ძმები უწოდა და WTA-მ 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა (მაშინ ტარპიშევი რუსეთიც კაცთა და ქალთა ნაკრების მწვრთნელი იყო).

 

კომენტარები

ბოლო ამბები