Thumbnail

მესამე ფრე ბოლო 4 თამაშში - დინამო ბათუმმა საბურთალოსთან ქულები დაკარგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მესამე ფრე ბოლო 4 თამაშში - საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ქულები დაკარგა. გია გეგუჩაძის გუნდმა საბურთალოსთან 0:0 ითამაშა. 

„მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაწყებული რეკონსტრუქციის გამო საბურთალომ საშინაო თამაში რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მოედანზე ჩაატარა, რომლის ტრიბუნაზეც სულ 600-მდე გულშემატკივარი ეტევა. მატჩს უფრო ცოტა მაყურებელი ჰყავდა. მასპინძელი კლუბის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრები სტადიონზე მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდნენ.

თამაშიც ძალიან მოსაწყენი გამოდგა და დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ. გეგუჩაძემ ისინი თამაშში 53-ე წუთზე ჩართო, მაგრამ ბათუმელთა თამაშზე არც ამას მოუხდენია გავლენა.

ყველაზე კარგი მომენტი საბურთალომ შექმნა. 76-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძე ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდი იხსნა. საგოლე მომენტი კვარაცხელიასაც ჰქონდა, მაგრამ მის შორეულ დარტყმას საბურთალოს მეკარე იოლად გაუმკლავდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯერ თბილისელები და მერე ბათუმელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა სიტუაცია სხვანაირად შეაფასა. მოკლედ, ნულოვანი ფრე.

დინამო ბათუმმა 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო საბურთალოს 22 ქულა აქვს. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 17 მაისს, თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო ერთი დღით ადრე სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილა და დინამო თბილისი შეხვდებიან.

საბურთალო 0:0 დინამო ბათუმი

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი - გოჩოლეიშვილი, ჩადუნელი, ჯგერენაია, ტაბატაძე - შ. ნონიკაშვილი (76. ო. მამაგეიშვილი), ქარდავა - გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი (90. გ. მამაგეიშვილი), შინდაგორიძე (58. ქავთარაძე) - სიხარულიძე.

დინამო ბათუმი (4-4-2): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, აზაროვი - მამუჩაშვილი (53. კვარაცხელია), ალთუნაშვილი (84. ზარია), ფალავანდიშვილი, ჯიღაური (73. რადინი) - ჯოვინო (73. ფანცულაია), ლობჯანიძე (53. დავითაშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები