Thumbnail

ოფიციალურად: უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჩემპიონთა ლიგაზე 2024/25 წლების სეზონიდან ფორმატი შეიცვლება
  • უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა სულ მალე ფორმატს შეიცვლის და განსხვავებული სახით ჩატარდება!

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ოფიციალურად დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024/25 წლების სეზონიდან შეიცვლება ჯგუფური ეტაპი და გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობა.

უეფას მიერ დამტკიცებული ცვლილებები

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.

შეიცვლება ჯგუფური ეტაპი და დაინერგება ე.წ "შვეიცარიული სისტემა". ამგვარად, თითოეული გუნდი 8-8 თამაშს ჩაატარებს 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ (4 შინ, 4 - სტუმრად). მოგეხსენებათ, მოქმედი ფორმატით ჯგუფურ ეტაპზე ერთ გუნდს 6 თამაშის ჩატარება უწევს 3 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ.

8 ტურის შემდეგ შედგება სატურნირო ცხრილი, რომლის მიხედვით გამოვლინდება მერვედფინალისტთა ვინაობა.

1-8 ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის სტადიაზე თამაშის უფლებას პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილოსანი გუნდები დაწყვილდებიან, ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდებიან და ასე გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მერვედფინალისტებს შეუერთდებიან. სწორედ მერვედფინალური ეტაპიდან ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ცვლილებები შეეხება ევროპალიგისა და კონფერენსლიგას. ერთი განსხვავებით: ევროპალიგაზე გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ, კონფერენსლიგაზე - 6-6-ს.

ფორმატი სამივე ევროტურნირზე შეიცვალა

რაც შეეხება დამატებით 4 ადგილს: ორ ადგილს მიიღებს ის ორი ქვეყანა, რომელთაც წინა სეზონში საუკეთესო შედეგები ექნებათ ევროთასებზე. მაგალითად, უეფა გვამცნობს, რომ ცვლილებები ძალაში მომდევნო სეზონიდან რომ შედიოდეს, ინგლისი და ნიდერლანდები შეძლებდნენ დამატებითი ადგილის მიღებას (მაგალითად პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ მოხვდებოდა).

კიდევ ერთი ადგილს მიიღებს უეფას რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყნის საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი, ხოლო ბოლო მე-4 დამატებითი ადგილი ე.წ "ჩემპიონთა გზით" გაირკვევა. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მატჩები ტრადიციულად შუა კვირაში ჩატარდება, რითაც ეროვნული ჩემპიონატების კალენდარს ხელი არ შეეშლება.

"დარწმუნებული ვართ, რომ შერჩეული ფორმატი უზრუნველყოფს სწორ ბალანსს და გააუმჯობესებს კონკურენტუნარიანობას, გამოიმუშავებს სოლიდურ შემოსავალს, რომელიც კლუბებზე, ლიგებსა და ზოგადად ფეხბურთში განაწილდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და როგორც ევროპული ლიგები, ისე ეროვნული ასოციაციები ეთანხმებიან წარმოდგენილ წინადადებას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ფეხბურთი უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე", - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალეკსადერ ჩეფერინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები