Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მომავალი ფეხბურთელია, ამიტომაც არის, რომ დინამო ბათუმში მის თითოეულ თამაშს იტალიური, მეტწილად კი ნეაპოლური გამოცემები აქტიურად აკვირდებიან და აშუქებენ.

ახლაც ასე იყო, გორის დილასთან გატანილი გოლი იტალიაში არ გამორჩენიათ. რამდენიმე ნეაპოლური ვებგვერდი 21 წლის ქართველი შემტევის თამაშს გამოეხმაურა:

"კვარაცხელიას შოუ! მან კიდევ ერთი დიდებული მატჩი შემოგვთავაზა. დინამო ბათუმმა გორის დილა 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ანგარიში გახსნა. მისი გუნდი ამჟამად მეორეადგილოსან დინამო თბილისს 5 ქულით უსწრებს", - წერს Calcionapoli1926.

"კვარაცხელიას დრიბლინგი და მკვლელი ცაცია, ნაპოლის ახალმა ფეხბურთელმა ისევ გაიტანა" - ამ სათაურით ეხმაურება ხვიჩას გოლს Napolipiu, რომელიც შემდეგ წერს: "დინამო ბათუმის შემტევმა საქართველოს ჩემპიონატში გორის დილასთან მოგებულ მატჩში გაიტანა. ანგარიში სწორედ ნაპოლის ახალმა ფეხბურთელმა გახსნა, შემდეგ კი დინამოელებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს. ხვიჩამ მოირჩინა მცირე ტრავმა, რომლის გამოც ერთი კვირის წინ მოედნიდან ნაადრევად გავიდა. ძალიან ლამაზი გოლი იყო, მეტოქე მოატყუა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა. მორიგი დიდებული თამაში ნაპოლის ახალწვეულისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ - მარჯვენა, არამედ მარცხენა ფეხის გამოყენებაც შეუძლია".

"კვარაცხელია დინამო ბათუმს ლიდერობს: კიდევ ერთი დიდებული გოლი" - ეს უკვე Spazionapoli-ს სათაურია. "ხვიჩამ გორის დილასთან ითამაშა და მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. სწორედ მომავალმა "აძურელმა" გახსნა ანგარიში ულამაზესი გოლით, როდესაც დრიბლინგით მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარეს დიაგონალური დარტყმით გაუტანა. ამ გამარჯვებით დინამო ბათუმმა ლიდერობა განიმტკიცა და სატურნირო ცხრილში დინამო თბილისს 5 ქულით უსწრებს".

"კვარაცხელია ნაპერწკლებს ყრის, ნაპოლის ახალწვეულის კიდევ ერთი სუპერგოლი! ის გაოცებას და გოლების გატანას აგრძელებს. დინამო ბათუმისა და გორის დილას შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე მარცხენა ფეხით დარტყმით გახსნა. ახლა, დინამო ბათუმი დინამო თბილისსა და დილას 5 ქულით უსწრებს, ივლისიდან კი ქართველი ფეხბურთელი ლუჩანო სპალეტის ნაპოლის შეკრებაზე შეუერთდება. კვარაცხელია ის მოთამაშეა, რომლის შეძენა ძალიან სურდა კრისტიანო ჯუნტოლის. "აძურის" სპორტულ დირექტორს ამ ბიჭის თვისებების სჯერა: ის ნაპოლიში ლორენცო ინსინიეს ადგილს დაიკავებს. სპალეტი მას ელის, რათა ახლოდან შეფასება შეძლოს. ნაპოლის ტიფოზებსაც ძალიან აინტერესებთ კვარაცხელიას საქმეში მალე ნახვა. ის შეიძლება იყოს ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლელებს ძალიან გაახარებს", - წერს Areanapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ოფიციალურად დაუდასტურა. 21 წლის ქართველი ნეაპოლელებს ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები