Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია მისთვის ხელსაყრელ ტაქტიკურ სქემაში ითამაშებს
  • ნაპოლი გაახალგაზრდავების პროცესს იწყებს
  • ხვიჩას ნაპოლის სპეციფიკურ გარემოსთან მოუწევს შეგუება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ტრანსფერი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა, დადასტურდა. ხვიჩა კვარაცხელია, მთავარი ქართული ტალანტი, ნაპოლიში ითამაშებს. რა გუნდია ნაპოლი, რას უნდა ელოდოს ხვიჩა და რა იქნება მთავარი გამოწვევები მისთვის? ამ ყველაფერზე ამ სტატიაში ვისაუბროთ.

კარგი ამბები ხვიჩასთვის

ნაპოლი კვარაცხელიასთვის რამდენიმე მიზეზის გამოა კარგი ვარიანტი. ამ სეზონში ნეაპოლელები "სკუდეტოსთვის" იბრძოდნენ და კარგი სეზონი ჰქონდათ. ამის მიუხედავად, გუნდი თაობათა ცვლის პროცესშია. დე ლაურენტისი ვეტერანებს უბოდიშოდ უშვებს: გადაწყვეტილია ნაპოლის მთავარი სიმბოლოს, ლორენცო ინსინიეს წასვლა და ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული დრის მერტენსის ახალი კონტრაქტის საკითხი. ბელგიელი თავისუფალი აგენტი ხდება და დარჩენა კი ძალიან უნდა, თუმცა კლუბი ფეხს ითრევს. არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ლიდერის, ხალიდუ კულიბალის ტრანსფერიც.

სამხრეთიტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფინანსები უჭირს. შემთხვევითი არ არის, რომ იტალიურ პრესაში არ გამორიცხავენ კლუბის გაყიდვის შესაძლებლობას.

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი

დე ლაურენტისი მხოლოდ ექსტრავაგანტული კაცი არ არის, ფულის ფასი კარგად იცის. თავისებურად ძუნწი მფლობელია. ნაპოლის კურსი გუნდის გაახალგაზრდავებაზე აქვს აღებული. კლუბს სურს, რომ ახალგაზრდა ტალანტების და საინტერესო მოთამაშეების ხარჯზე ახალი კონკურენტული გუნდი შეიქმნას. კვარაცხელიაც ამ პროექტის ნაწილია. მით უმეტეს, რომ იგი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც ლორენცო ინსინიე. ძვირადღირებული ვეტერანების ახალგაზრდა ტალანტებით ჩანაცვლების პოლიტიკის ნაწილია ინსინიეს ნაცვლად ხვიჩას ტრანსფერი.

ხელსაყრელი ტაქტიკა და სათამაშო სქემა

ნაპოლი წელს უმეტესად 4-3-3 სქემით თამაშობდა, ფლანგის გამოკვეთილი შემტევებით. შემტევებად მარცხნიდან ინსინიე, მარჯვნიდან კი - პოლიტანო ან მერტენსი იდგნენ. სპალეტის ალტერნატიული სქემა 4-5-1-ია, რომელშიც ასევე ორი გამოკვეთილი ფლანგის შემტევი თამაშობს და ზოგადად, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 4-3-3-სგან. ეს კვარაცხელიასთვის კარგია, რადგან მისთვის ბუნებრივ პოზიციაზე მოუწევს თამაში კარგად ნაცნობ სქემაში.

კიდევ უკეთესი ის არის, რომ ნაპოლი შეტევებისას აქცენტს ფლანგებზე აკეთებს. ცენტრიდან ნაპოლის შეტევების მხოლოდ 27 პროცენტი მიდის. ცენტრში სპალეტის უფრო ბურთის დამჭერი და გამკონტროლებელი ფეხბურთელები ჰყავს - ფაბიან რუისი, ზამბო ანგისა და პიოტრ ზელინსკი, რომელსაც უფრო საჯარიმოში ჩართვა და კარისთვის დისტანციიდან შეტევა ეხერხება, ვიდრე შემქმნელი მოთამაშეა. მარცხენა ფლანგიდან ნაპოლი თავისი შეტევების 37 პროცენტს წარმართავს, მარჯვნიდან კი - 36-ს.

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი

ანუ, კვარაცხელიას ხშირად უნდა ჰქონდეს ბურთი და მისი ზონა ნაპოლის შეტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ხვიჩას გამოჩენით ნეაპოლელთა სათამაშო სქემაში ბევრი არაფერი იცვლება - მისი წინამორბედი ინსინიეც დაახლოებით მსგავსი სტილით თამაშობდა. ინსინიესაც უყვარდა ბურთის მარცხენა ფლანგზე მიღება და შემდეგ მარჯვენა, სამუშაო ფეხით ცენტრისკენ შეწევა.

მარცხენა ფლანგი კიდევ უფრო დატვირთული ხდება, თუკი მარჯვნიდან მატეო პოლიტანოს ნაცვლად დრის მერტენსი თამაშობს. ეს სარის ეპოქიდან მოყოლებული ასეა. მერტენსს ბურთის ფეხში მიღება და მისი დრიბლინგით წაღება არ უყვარს. მისი ყველაზე ძლიერი მხარე საჯარიმოში შერბენა და იქ თავისუფალი სივრცის ნახვაა. პოლიტანო პირიქითაა - ბურთს ფეხში იღებს და დრიბლინგით მიაქვს. როცა მერტენსი თამაშობს, ნაპოლი კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს მარცხენა ფლანგზე. სარიც ასე აკეთებდა - მარცხენა ფლანგი გამოკვეთილად შემტევი იყო, მარჯვნიდან კი მერტენსი ან კალეხონი უბურთოდ შერბენაზე, საჯარიმოში გახსნაზე თამაშობდნენ. პოლიტანოს გამოჩენამ ფლანგები ცოტა დააბალანსა, თუმცა მარცხენა ფლანგი მაინც ნაპოლის მთავარ შემტევ ზონად მიიჩნევა.

საერთოდაც, ნაპოლი უკვე ბევრი წელია, მაურიციო სარის მიერ შექმნილ სათამაშო ფუნდამენტზე დგას. სპალეტისაც ბევრი რამ არ შეუცვლია. ნეაპოლელებს უყვართ ბურთის ფლობა და საშუალოდ 58-პროცენტიანი ბურთის ფლობით ამ კომპონენტში იტალიაში ლიდერები არიან. კვარაცხელიასთვის ესეც კარგია - მას ბურთი ხშირად ექნება. მაგალითად, ალეგრისთან რომ მოხვედრილიყო, ბურთის ქონაზე მეტად, ფლანგზე უბურთოდ სირბილი და დაცვის დახმარება მოუწევდა.

ნაპოლის შემტევი ტრიო: ინსინიე, ოსიმენი და მერტენსი. ზაფხულიდან ინსინიეს კვარაცხელია შეცვლის

ნაპოლი ბურთს ხშირად ფლობს, თუმცა მეტოქის მესამედზე სათამაშო დროის მხოლოდ 29 პროცენტს ატარებს. თავის მესამედზე კი ბურთი სათამაშო დროის 26 პროცენტია. ანუ, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ნაპოლი ბურთს ხშირად ფლობს გამწვავების გარეშე, მოედნის ცენტრში. ეს არის ბურთის ფლობა ბურთის ფლობისთვის, რისკების თავიდან არიდებისთვის. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის გამწვევება უყვარს. მას მოუწევს ნაპოლის სტილის გათვალისწინება. სპალეტის არ მოსწონს, როცა მისი მოთამაშეები ბურთს კარგავენ. კვარაცხელიას სტილი აქტიური და აგრესიულია, მუდამ კაცზე მიდის. ამ დროს დაკარგვის ალბათობა იზრდება. სპალეტისთან ხვიჩას მოუწევს ხანდახან ბურთის შენარჩუნება-გორაობის პროცესში ჩაერთოს აქტიური გამწვავების გარეშე.

რამდენიმე დღის წინ ისიც გახმოვანდა, რომ შესაძლოა, სპალეტი წავიდეს. ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და თუკი კლუბის შიგნით რაიმე არ აირია, სპალეტის წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ, რომც წავიდეს, ხვიჩასთვის ალბათ ბევრი არაფერი შეიცვლება. მის პოტენციურ შემცვლელად დე ძერბი ან იტალიანო დასახელდნენ. ორივე სარის სკოლაა, დოგმატური 4-3-3-ით, ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობენ (იტალიანოს ფიორენტინა საერთოდაც ნაპოლის შემდეგ მეორე ადგილზეა იტალიაში ბურთის ფლობის მაჩვენებელით). ანუ, კანდიდატებიც ისეთია, რომ თამაშის სტილი და კონცეფცია არ შეიცვლება. ნაპოლი წლობით ჩამოყალიბებულ სათამაშო სისტემას არ უღალატებს.

რა გამოწვევებს უნდა ველოდოთ

კვარაცხელია ახალ კარიერულ ნაბიჯს დგამს და ამ გზაზე მას ბევრი გამოწვევა ელის. პირველ რიგში ის ნეაპოლში რუბინის, ან მით უმეტეს, საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, აღარ იქნება, მთავარი იმედი და ‘ოქროს ბიჭუნა’. სერია A-ს გრანდში თამაში დიდი სტრესი და პასუხისმგებლობაა. კვირიდან კვირამდე მას შედეგიან მოქმედებებს მოსთხოვენ, მასზე მეტოქის მცველები ინადირებენ და სათამაშო დროისთვის ბრძოლაც მოუწევს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მაგალითად ელიფ ელმასზე უფრო მეტად ეკუთვნის თამაში. მოკლედ, ის კონკურენტულ გარემოში მოხვდება. დიდი კლუბის რეალობა ეს არის. ეს ფსიქოლოგიური გამოწვევაა, რომელიც მან აუცილებლად უნდა დაძლიოს.

გარდა ამისა, ნეაპოლი ძალიან სპეციფიკური ქალაქია. აქ თამაში განსაკუთრებული წნეხი და სტრესია. ნაპოლის განსაკუთრებულად მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს - შეიძლება ერთმა გოლმა ქალაქის ღმერთად გაქციოს, თუმცა ერთ გაცუდებულ მომენტზე მთელმა სტადიონმა გისტვინოს. ხვიჩას მოუწევს ფსიქოლოგიურად შეეჩვიოს ამ ექსტრემალურად ემოციურ და იმპულსურ გარემოს. იოლი ამოცანა არც ეს იქნება.

ნაპოლის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფანები ჰყავს

ნაპოლიში ცხოვრებაც რთულია. მაგალითად, ტურინისგან ან მილანისგან განსხვავებით, მოთამაშეებს თითქმის არ შეუძლიათ ქუჩაში თავისუფლად გასვლა. მაშინვე გულშემატკივარი გროვდება - მერე ფოტოები, ავტოგრაფები, სიმღერები ა.შ. ესეკილ ლავეცის ერთხელ სავაჭრო ცენტრიდან გადაცმულს გაპარვაც მოუწია. ნეაპოლში ცხოვრებას ცოდნა და მიჩვევა უნდა. ბევრს ეს არ გამოსდის.

ხვიჩასთვის რთული იქნება ისიც, რომ იტალიაში ძალიან ტაქტიკური თამაშია და სივრცეს თითქმის არ ტოვებენ. მით უმეტეს, ნაპოლის შეხვედრების უმეტესობის პირველ ნომრად თამაში მოუწევს. ხვიჩას კი სივრცეში თამაში ძალიან უყვარს.

კიდევ ერთი გამოწვევა მის სტატისტიკას უკავშირდება. ბოლო სეზონში, რუბინში, მას არცთუ ისე ბევრი შედეგიანი ქმედება ჰქონდა. ნაპოლიში ინსიენიეს ამ სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს (თუმცა, 8 გოლი პენალტით) და კვარაცხელიასგანაც კლუბი სავარაუდოდ დაახლოებით ამ ტიპის სტატისტიკას მოელის.

ჯამში დიდი ამბავი მოხდა. ხვიჩა კვარაცხელია თავისი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს - საფეხბურთო მექაში. ნაპოლის თამაშებს აგვისტოდან მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველით. ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი ევროპული ფეხბურთის ელიტაშია. დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები