Thumbnail

დიქსონის გარეშე და მაკფადენთან ერთად - ვინ არის ნაკრების ახალი გამთამაშებელი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს
  • ნაკრების ღირსებას ამერიკელი ტედ მაკფადენი დაიცავს

საქართველოს ნაკრებში მაიკლ დიქსონის კარიერა დასრულებულია - 29 ივნისს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ილიას ზუროსის გუნდის თამაშს სულ სხვა გამთამაშებელი უხელმძღვანელებს. მისი სახელი ტადეუს (ტედ) დიუეინ მაკფადენ ჯუნიორია. ის 31 წლისაა და ბერძნულ კიმიში თამაშობს, სადაც საშუალოდ 17.7 ქულას, 2.1 მოხსნას, 3.9 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებს. 

ამერიკაში მას სენტ კლერ ქაუნთისა და ფერმონტ სტეიტის კოლეჯების გუნდებში უთამაშია, მაგრამ 2009 წლის NBA-ს დრაფტზე ის არ არჩიეს და ევროპას, კერძოდ ჩეხეთს მიაშურა. 

უსტი ნად ლაბემის შემდეგ იყო გერმანული ბრაუნშვაიგი, კვიპროსული აპოელ-ი, აეკ-ი, ფრანგული ნანსი, ბერძნული პაოკ-ი, მაკედონიური კარპოშ სოკოლი. ახლა იგი ბერძნული კიმის მოთამაშეა, თუმცა ბერძნული მედიის თქმით, ქართული პასპორტი მას გზას ესპანეთის ან საფრანგეთის ელიტურ ლიგებში გაუხსნის. მისით პანათინაიკოსიც დაინტერესებულია. 

ერთი საინტერესო დეტალი ტედ მაკფადენზე - მისი მამა ტედ მაკფადენ სინიორი, ამერიკული ფეხბურთის ლიგის, NFL-ის ბაფალო ბილსის მოთამაშე იყო.  

მაკფადენის ქართული პასპორტი

სწორედ მაკფადენის დამსახურებაა, რომ კიმი ამ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა და თავის ისტორიაში პირველად, პლეი ოფში ითამაშა. მაკფადენი სწრაფია და ფარქვეშ ბრწყინვალე შესვლებით გამოირჩევა, ის კარგად ისვრის შორი დისტანციიდანაც (ამ სეზონში სამიანების 41.6% ჩააგდო). 

ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა საქართველოს მოქალაქეობა 2016 წლის ზაფხულში მიიღო და საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი 2017-ის საგზურის მოპოვებაში, შესარჩევ ტურნირში დაეხმარა. ამერიკელმა გამთამაშებელმა  ევროპირველობის ფინალური სტადიის B ჯგუფში ხუთივე მატჩში ითამაშა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 13,8 ქულა, 2 მოხსნა და 5,2 პასი იყო.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 27 წლის ამერიკელმა 4 მატჩი ჩაატარა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა 27 ქულა, 4,5 მოხსნა და 5,5 პასია.

მაიკლ დიქსონის ბოლოს თურქეთის მეორე ლიგის ბაჰჩეშეჰირის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც სუპერლიგის საგზური ვერ მოიპოვა. მანამდე გამთამაშებელი ფრანგულ სტრასბურში, ბერძნულ აეკ-ში, ჩეხურ ნიმბურკში, ლიტვურ ალიტუსსა და პიენოში გამოდიოდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები აქვს, 11 ივნისს გაფართოებული შემადგენლობით შეიკრებება.

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში დაგეგმილი 6 მატჩიდან 4 უკვე გამართა, ხოლო დასკვნით ორ შეხვედრას 29 ივნისს სერბეთთან, 2 ივლისს კი ავსტრიასთან ჩაატარებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია სამშაბათს არის დაგეგმილი. სიახლეს ოფიციალურად ალბათ სწორად მაშინ გაახმოვანებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები