Thumbnail

ჰამბურგის მწვრთნელი: ჩაკვეტაძე ისე მოძრაობს, რომ ვიცი, დაგვეხმარება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჰამბურგში გიორგი ჩაკვეტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების შემტევმა დანიურ მიდტიულანდთან ამხანაგურ მატჩში (1:5) მე-2 ტაიმი ითამაშა. გიორგიმ პირველად მოირგო გერმანული გუნდის მაისური და რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა - ტექნიკის დემონსტრირებასაც ეცადა და მოკლე და გრძელი პასებიც არიგა. გიორგი ჰამბურგის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს კი გოლების გასატანად ვეპატიჟებოდით. ტესტ-მატჩი ყოველთვის ტესტ-მატჩია, თუმცა ჩვენ ამ თამაშის მოგება გვინდოდა. ამ კვირაშიც მაგრად ვვარჯიშობთ და მომდევნო კვირაშიც ასე იქნება. პირველ ტაიმში საკმარისი მომენტები გვქონდა." - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰამბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია გიორგი ჩაკვეტაძის თამაშით, რას ელოდება მისგან და ფიქრობს თუ არა, რომ ქართველი მზადაა მეორე ბუნდესლიგაში სათამაშოდ, ვალტერმა ასე უპასუხა: "ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება."

ჩაკვეტაძემ მიდტიულანდთან 45 წუთი ითამაშა

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჰამბურგის გულშემატკივრების გახარება სურს: "ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ასეთ დიდ და ისტორიულ გუნდს! მინდა, მალე მოვირგო ჰამბურგის მაისური და გულშემატკივრები გავახარო".

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ჰამბურგთან კონტრაქტი 27 იანვარს გააფორმა და გერმანულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. HSV მე-2 ბუნდესლიგიდან პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის და 6 თებერვალს სტუმრად გათამაშების ლიდერ დარმშტადტს დაუპირისპირდება.

ჰამბურგი ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული კლუბია, თუმცა ბოლო წლებში დიდი კრიზისი ჰქონდა და ახლა მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ათწლეულების მანძილზე HSV იყო ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არ ვარდებოდა, რის გამოც "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოზარვს" უწოდებდნენ. ამ სეზონში, 20 ტურის შემდეგ ჩაკვეტაძის ახალი გუნდი  მე-5 ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ბრემენის ვერდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ზანკტ პაულის კი - 2 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები