Thumbnail

უკვე ითამაშა კიდეც - ჰამბურგში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჰამბურგში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - მართალია, ჯერ მხოლოდ ტესტ-მატჩში, მაგრამ მაინც.

ტრანსფერის დადასტურებიდან ჯერ 24 საათიც არ გასულა, მაგრამ 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ გუნდში უკვე ითამაშა. ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა დანიურ მიტდიულანდთან, რომელიც გერმანელებმა დიდი ანგარიშით, 1:5 წააგეს. 'ჩაკვე' მოედანზე მე-2 ტაიმში იყო, 46-ე წუთიდან და თავი გოლით ან საგოლე პასით არ გამოუჩენია, მაგრამ რომ ითამაშა, ამ ეტაპზე ესეც გამოსარჩევია. საქართველოს ნაკრების შემტევს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა - ტექნიკის დემონსტრირებასაც ეცადა და მოკლე და გრძელი პასებიც არიგა. გიორგი ჰამბურგის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ HSV პირველი ტაიმის შემდეგ უიმედოდ აგებდა (1:4) და დანიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ტესტ-მატჩში ვერაფერი მოახერხა. ჰამბურგი მომდევნო მატჩს მე-2 ბუნდესლიგის ეგიდით 6 თებერვალს ჩაატარებს და გათამაშების ლიდერ დარმშტადს სტუმრად შეხვდება. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩაკვეტაძის გუნდი ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს კი გოლების გასატანად ვეპატიჟებოდით," - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰამბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჰამბურგის გულშემატკივრების გახარება სურს: "ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ასეთ დიდ და ისტორიულ გუნდს! მინდა, მალე მოვირგო ჰამბურგის მაისური და გულშემატკივრები გავახარო".

ჰამბურგი ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული კლუბია, თუმცა ბოლო წლებში დიდი კრიზისი ჰქონდა და ახლა მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ათწლეულების მანძილზე HSV იყო ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არ ვარდებოდა, რის გამოც "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოზარვს" უწოდებდნენ. ამ სეზონში, 20 ტურის შემდეგ ჩაკვეტაძის ახალი გუნდი  მე-5 ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ბრემენის ვერდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ზანკტ პაულის კი - 2 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები