Thumbnail
  • დანიილ მედვედევმა სტეფანოს ციციპასთან მატჩში ნერვები ვერ მოთოკა
  • რუსმა ჩოგბურთელმა მსაჯს შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა
  • მედვედევმა ნახევარფინალი 4 სეტში მოიგო და ფინალშია

UPDATE: ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში რუსი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევი ძალიან გაბრაზდა და მთავარ მსაჯს რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა. სკანდალური ეპიზოდი, რომელიც ჩოგბურთის ისტორიაში შევა, სტეფანოს ციციპასთან დუელის მეორე სეტში მოხდა.

“მამამისი ყოველ ქულაზე ლაპარაკობს, სულ ლაპარაკობს!” - ამ სიტყვებით შეუტია მედვედევმა არბიტრს და ბერძენი ჩოგბურთელის დასჯას კატეგორიულად ითხოვდა: “სულელი ხარ? მითხარი, სულელი ხარ? შემომხედე, შენ გეუბნები! როგორ შეგიძლია, ასეთი სულელი იყო. შენ ის უნდა დასაჯო!”

მსაჯმა ამის გამო თვითონ რუსი ჩოგბურთელი გააფრთხილა. პირველი სეტი მედვედევს 7:6 ჰქონდა მოგებული, მეორე სეტი კი ბერძენმა 6:4 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მესამე სეტი ისევ რუსმა მოიგო - 6:4. 

'შენ ის უნდა გააფრთხილო! თუ ამას არ გააკეთებ...'

იმ სკანდალური სეტის შემდეგ კი მედვედევმა მსაჯს ისევ შეუტია: “ბერძნულად ლაპარაკობ?” - მიმართა არბიტრს. ბერძენი ჩოგბურთელის მამა აპოსტოლოს ციციპასი ცნობილია იმით, რომ შვილს რჩევებს თამაშის დროსაც აძლევს ხოლმე, რაც აკრძალულია.

“შენ ის უნდა გააფრთხილო” - მეტოქის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა მედვედევმა, - “თუ ამას არ გააკეთებ… როგორ გითხრა, მაშინ შენ პატარა კატა ხარ.”

ფაქტია, რუს ჩოგბურთელს გაცილებით ცუდი სიტყვის გამოყენება სურდა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა.

საბოლოოდ, მეოთხე სეტი რუსმა მარტივად, 6:1 მოიუგო და წლის პირველი დიდი სლემის ფინალშია, სადაც რაფაელ ნადალთან დუელი ელოდება. ფინალი კვირას, 30 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები