Thumbnail
  • 📅 29 იანვარი | ⌚ 20:30 | 🏟 მარტინი პლაზა | საქართველო V ესპანეთი
  • ავთანდილ ასათიანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა
  • კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თალესმაც გააკეთა
  • საქართველო ჯგუფიდან გასულია, მაგრამ ქულა პირველ ადგილზე გაიყვანს
  • PREVIEW | საქართველო V ესპანეთი - ბრძოლა პირველი ადგილისთვის

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ავთანდილ ასათიანის გუნდს 1/4-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ ფრეს შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

მატჩის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც მან თქვა, შემადგენლობაში გარკვეული როტაცია იგეგმება, მაგრამ იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ქულის მოპოვებას მაინც მოახერხებს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ჩვენს გუნდში საბრძოლო განწყობა ყოველთვის არის, მითუმეტეს, რომ ხვალ ჯგუფში პირველი ადგილის ბედი წყდება. უბრალოდ, საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი და ბოსნიაც რთული მეტოქეები იყვნენ, მაგრამ ყველამ იცით, რომ ესპანეთი განსაკუთრებით ძლიერია. დასაკარგი არაფერი გვაქვს. შევეცდებით, პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე ადგილი განაღდებული გვაქვს. კარგ ხასიათზე როცა ხარ და წნეხი მოხსნილი გაქვს, დიდი ალბათობაა, უფრო უკეთ ითამაშო. ცალი თვალით მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს ყვითელი ბარათი აქვს, ცოტა მიკროტრავმებიც არის და ბალანსი ისე უნდა დავიჭიროთ, რომ დადებით შედეგამდე მივიდეთ.

ელისანდრო ახლა მიდის კლინიკაში, რათა სურათი გადაიღოს და ექიმებისგან გვეცოდინება დასკვნა, რა მდგომარეობაშია და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს ან არ გვქონდეს.

რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებებს, ესპანეთთან მაინც ვეცდებით რამენაირად მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილს მოგვიტანს. თუმცა, ჩემს ნათქვამს მივუბრუნდები - არ შეიძლება, როდესაც პლეი ოფში გასული ხარ, მთელი ენერგია აქ ჩატოვო და ვთქვათ, ფეხბურთელები, რომლებსაც ბარათები აქვთ, გამოგვაკლდნენ და მეოთხედფინალი გამოტოვონ. ცოტათი სიფრთხილე გვმართებს იქიდან გამომდინარე, რომ პლეი ოფისთვისაც შევინახოთ თავი, მაგრამ რა თქმა უნდა, ესპანეთთან ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამ ბალანსის პოვნა უმნიშვნელოვანესი იქნება. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ესპანეთს, მართლაც წარმოუდგენელი ძალის გუნდია, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ.

რა თქმა უნდა, მეოთხედფინალის ბადის შესახებ საკითხი გავლილი, შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ მე-2 ადგილის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით, მაგრამ როდესაც ამ ეტაპზე ხარ, ასარჩევად საქმე ნამდვილად არ არის. პირიქით, აქამდე მოსვლა ძალიან სასიამოვნოა და მიყვები იმას, რაც იქნება, რადგან ყველა მეტოქე ძლიერია. ბედნიერებაა, რომ მეოთხედფინალში ვართ და ძლიერ ნაკრებს ვერანაირად ავცდებით".

თალესმა წინა ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თალესიც იყო, რომელმაც ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა:

თალესი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. თითქმის 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა, განსაკუთრებით ახლა, როცა ევროპის ჩემპიონატზე 6 ქულა გვაქვს და ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ველოდებით საკმაოდ რთულ თამაშს. 

ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, ტექნიკურად და ტაქტიკურად. თუმცა, მათ წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა. ნამდვილად გამორჩეული გუნდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ეს ჩვენთვის გამოწვევაა, მითუმეტეს, რომ ქულის მოპოვების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და გვინდა, ეს თამაში იყოს ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში, ამიტომ, არ ვუშინდებით ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში აზერბაიჯანსა (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (2:1) მოუგო, რის შედეგადაც ბოლო ტურის წინ 6 ქულით ლიდერია, ხოლო ესპანეთის ნაკრები 4 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები