Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი რალფ რანგნიკის შემცვლელს აღარ ეძებს
  • ‘სანი’ წერს, რომ კლუბის ბოსები გერმანელით ძალიან კმაყოფილები არიან

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებმა რალფ რანგნიკი, შესაძლოა, იმაზე დიდხანს დატოვონ გუნდის მთავარ მწვრთნელად, ვიდრე დაგეგმილი იყო.როგორც ინგლისური The Sun საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, მანჩესტერული გრანდის შეფებმა ახალი მწვრთნელის ძებნის პროცესი შეაჩერეს. როგორც იცით, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “პროფესორი რალფი” იუნაიტედის მწვრთნელი მხოლოდ სეზონის ბოლომდე უნდა ყოფილიყო, მომავალი სეზონიდან კი კლუბის მრჩევლად უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, გუნდს კი ახალი დამრიგებელი ეყოლებოდა.

საინტერესოა, რომ რანგნიკის ხელმძღვანელობით იუნაიტედმა 10 ოფიციალური მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ 1 წააგო და პრემიერლიგის ცხრილში ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. შეგახსენებთ, რომ როდესაც გერმანელმა იუნაიტედი ჩაიბარა, გუნდი მე-7 ადგილზე იყო.

ჯერ კიდევ დანიშვნისას რანგნიკმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევი იყო იმაზე საუბარი, თუ რა მოხდებოდა ზაფხულში და აღნიშნა, რომ არც თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩენას გამორიცხავდა. დანიშვნის შემდეგ ინგლისური მედია გერმანელს აკრიტიკებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მისი მუშაობით და შედეგებით კმაყოფილები არიან. “სანი” წერს, რომ თუ იუნაიტედი სეზონს საუკეთესო ოთხეულში დაასრულებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, დიდი შანსია, მთავარი მწვრთნელის რანგში ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები