Thumbnail

'შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ' - შოთა არველაძის პირველი ინტერვიუ ჰალ სიტიში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჰალ სიტიმ 48 წლის ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძეს 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა - დღეიდან შოთას ინგლისურ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. პირველი ინტერვიუ მან ჰალ სიტის ოფიციალურ გვერდს მისცა:

შოთა არველაძე (ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი): "მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. მჯერა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფეხბურთშია დაკავებული, სურს, რომ კარიერა ინგლისში აიწყოს. უბრალოდ ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი - ამაყი.

ძალიან მოტივირებული ვარ და მსურს, ყველას დავანახო, რომ ამ ბიჭებით, ახალგაზრდა ტალანტებით, რომლებიც გვყავს, კარგად ასპარეზობა შეგვიძლია. გუნდში არიან კრეატიული ფეხბურთელებიც და გამოცდილებიც, ეს კარგი ნაზავია. მიმზიდველი ფეხბურთის მოყვარული ვარ. მომწონს, როცა გულშემატკივრებს თამაშზე სიარული უხარიათ და ბოლომდე მხარს გიჭერენ.

მიხარია, რომ სუონსისთან მატჩი მალე გვექნება. ერთი სული მაქვს, როდის შევხდები კლუბის ფანებს. საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება გამარჯვება. ფანებს ველით, რომ მხარი დაუჭირონ ბიჭებს. გუნდში ბრწყინვალე მოთამაშეები გვყავს. მოდი, ერთად ვიშრომოთ, ერთად გავიხაროთ და ერთად გავიმარჯვოთ". 

შეგახსენებთ, რომ ჰალ სიტი ახლახან თურქმა ინვესტორმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა, რომელიც არველაძის მეგობარია. ახალი მფლობელის პირველი გადაწყვეტილება ჩრდილოირლანდიელი გრანტ მაკანის გაშვება და შოთა არველაძის მიწვევა იყო. ჰალ სიტიმ  ჩემპიონშიპის 27 ტურში 29 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, შინ სუონსისთან გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაში შედგება შოთას დებიუტი ინგლისის ჩემპიონშიპში.

კომენტარები

ბოლო ამბები