Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს
  • საქართველოს ნაკრების შემტევი ჰამბურგში მიდის

ტრანსფერი დადასტურებულია!

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიური გენტი დატოვა და კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. 'პოპსპორტმა' ინფორმაცია გადაამოწმა და ამასობაში, კლუბმაც ოფიციალურად დაადასტურა: 22 წლის ფეხბურთელი ჰამბურგში, მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს.

როგორც HSV-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ჩაკვეტაძე ჰამბურგში იჯარით გადავიდა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე, ანუ ამ სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"გიორგი მრავალმხრივი შემტევი ფეხბურთელია, ტექნიკურად ძლიერი და გოლების გატანა ეხერხება. ჩვენ მის გზას დიდი ხანია, ვაკვირდებით. ქართველი ფეხბურთელით ჩვენი შესაძლებლობები წინა ხაზზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება," - განაცხადა ჰამბურგის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა.

'გიორგი მრავალმხრივი შემტევი ფეხბურთელია. ჩვენ მას დიდი ხანია ვაკვირდებით'

"მიხარია, რომ ჰამბურგში ტრანსფერი განხორციელდა. კლუბის ხელმძღვანელებმა კარგის მოლოდინი გამიჩინეს. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას სწრაფად გავივლი და თანაგუნდელებსაც მალე კარგად გავიცნობ, რათა მოედანზე გუნდისთვის დახმარება შევძლო." - ეს ჩაკვეტაძის სიტყვებია, რომელსაც ასევე კლუბის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ. გიორგის დებიური გერმანულ კლუბში შესაძლოა, პარასკევს შედგეს - HSV მიდტიულანდს ეთამაშება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხბურთის თამაში ნორჩ დინამოელში დაიწყო, რის შემდეგაც დინამო თბილისში აღმოჩნდა. 2017 წელს, 18 წლის ჩაკვეტაძე გენტშინ გადავიდა, სადაც ჟუპილერ პრო ლიგაში და მის პლეი ოფში 62 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძეს 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. 17-წლამდელთა ნაკრებში მის აქტივში 18 მატჩი და 5 გოლია, 19-წლამდელთა ნაკრებში - 14 მატჩი და 1 გოლი, ხოლო 21-წლამდელებში კი - 3 თამაში.

ჰამბურგი ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული კლუბია, თუმცა ბოლო წლებში დიდი კრიზისი ჰქონდა და ახლა მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ათწლეულების მანძილზე HSV იყო ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არ ვარდებოდა, რის გამოც "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოზარვს" უწოდებდნენ. ამ სეზონში, 20 ტურის შემდეგ ჩაკვეტაძის ახალი გუნდი  მე-5 ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ბრემენის ვერდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ზანკტ პაულის კი - 2 ქულით.

მოკლედ, ჰამბურგი ელიტაში დასაბრუნებლად ბრძოლას გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები