Thumbnail

ჯაბა კანკავას 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დასრულებულია. საქართველოს ნაკრების 35 წლის კაპიტანმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. კანკავას წასვლით ნაკრებში ძალიან დიდი, ფაქტობრივად ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა მთავრდება (ჯაბას სანაკრებო კარიერის განსაკუთრებულ ფაქტებს ამ სტატიაში გაეცნობით).

„ჩემს წინ კედელივით იდგა!“ - ამბობს კანკავაზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. პოპსპორტი ეროვნული გუნდის გოლკიპერს კვიპროსში დაუკავშირდა.

გიორგი ლორია (საქართველოს ნაკრების მეკარე): „ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ამბავია, ახლაც არ მჯერა. ჯაბა ეროვნულ ნაკრებთან ასოცირდება. მის გარეშე ჩვენი გუნდის წარმოდგენა ძალიან მიმძიმს.

საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან ვთამაშობ, ჯაბამ კი ნაკრებში თამაში უფრო ადრე დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როდესაც ცხრა თუ ათი წლის ვიყავი. როდესაც ჯაბა მოედანზე იყო, თავს დაცულად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს წინ კედელი იყო აღმართული.

მასთან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნება იყო. ბევრმა იცის, რომ მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, სამაგიეროდ, ჯაბა თავის სათქმელს მოედანზე ამბობდა. მას შეეძლო სათქმელის მინდორზე თქმა და თავისი თამაშით თანაგუნდელების არანორმალურად დამუხტვა. კანკავა ბევრს ძირითადად მეტოქის შეტევების ჩაშლით ახსოვს, მაგრამ ულამაზესი გოლებიც აქვს გატანილი. გავიხსენოთ ხორვატიასთან, ან თუნდაც გერმანიასთან გატანილი ბურთები. მადლობა კაპიტანო! შენთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო!”

ჯაბა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს, ალბანეთთან მატჩში ჰქონდა, მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით მან 100 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ლევან კობიაშვილთან ერთად კანკავა არის ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს გამართული. კანკავას სანაკრებო კარიერა 17 წელს გაგრძელდა - 6 240 დღე. ეს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, ჯაბამ ერთი წლით გადაუსწრო მანამდე რეკორდსმენ ზურაბ ხიზანიშვილს. ჯაბამ ნაკრები კაპიტნის სამკლავურით 62-ჯერ გაიყვანა, რაც ასევე საქართველოს ნაკრების რეკორდია. (ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი ჯაბა კანკავას სანაკრებო კარიერაზე ნახეთ აქ)

კანკავამ საკლუბო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ კი ვლადიკავკაზის ალანიაში, კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და ვალანსიენში თამაშობდა, ხოლო გასული წლის ზაფხულიდან ბრატისლავის სლოვანის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები