Thumbnail

ბოლქვაძემ წყვილებშიც მოიგო - მარიამს ერთ დღეში ორი მატჩი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბოლქვაძე/ფეტი 6:4, 6:3 პოპესკუ/როუსონი
  • ქართველი ჩოგბურთელი ინგლისში წარმატებით თამაშობს

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით თამაშობს ინგლისის ქალაქ ლაფბოროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია. ბოლქვაძემ ერთეულთა თანრიგის შემდეგ ძალები წყვილებშიც მოსინჯა და ამ შემთხვევაშიც იმარჯვა.

მარიამი და ხორვატი იანა ფეტი აღნიშნულ შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ანა პოპესკუ და ნადია როუსონი 6:4, 6:3 დაამარცხეს. ქართველ და ხორვატ ჩოგბურთელებს მეოთხედფინალური მატჩი დღეს საღამოს ელით და ისევ ბრიტანელებს გაეჯიბრებიან – ტალია ნეილსონ გეტენბისა და მინგე ქსუს.

ბოლქვაძეს დღესვე უწევს ერთეულთა ტურნირის მერვედფინალური მატჩი, რომელშიც მისი მეტოქე ტაივანის წარმომადგენელი იოანა გარლანდი იქნება. მარიამს ამ შემთხვევაში პირველი განთესვა აქვს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ საწყის შეხვედრაში იტალიელ დებორა კიეზას იოლად აჯობა – 6:3, 6:2. 

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში ბოლქვაძეს 386 ქულით 178-ე ადგილი უკავია, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი 2019 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც 152-ე პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები