- შოთა არველაძის ჰალ სიტიში დანიშვნას მხოლოდ ოფიციალური დადასტურება აკლია
- ინგლისური კლუბი ქართველ მწვრთნელს 28 იანვარს წარადგენს
- არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება
ინგლისური ჰალ სიტი შოთა არველაძეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად პარასკევს, 28 იანვარს წარადგენს.
Yorkshirepost-ის ცნობით, არველაძე ინგლისში ოთხშაბათს ჩავიდა და ყველაფერი უკვე დაიგეგმა. პრესკონფერენციას, რომელზეც შოთას წარდგენა მოხდება, კლუბის ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი, ვიცე-პრეზიდენტი თენ კესლერი და კლუბის ახალი დროებით აღმასრულებელი დირექტორი დაესწრება.

შოთა არველაძე ჰალ სიტიში გრენტ მაკკანს შეცვლის, რომლის გათავისუფლება კლუბმა ორიოდე დღის წინ დაადასტურა. ჰალი ინგლისის ჩემპიონშიპში 27 თამაშში მოპოვებული 29 ქულით მე-19 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი 9 ქულა აშორებს. მოსალოდნელია, რომ შოთას დებიუტი ინგლისურ კლუბში 29 იანვარს, სუონსი სიტისთან საშინაო მატჩში შედგება.
48 წლის შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის ფახთაქორში მუშაობდა, რომელსაც 2017-2020 წლებში წვრთნიდა. მანამდე ქართველ სპეციალისტს თელ ავივის მაკაბიში, ტრაბზონსპორში, ქასიმპაშასა და ქაისერისპორში უმუშავია, ხოლო საწყის ეტაპზე ალკმაარში ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო.
კომენტარები