Thumbnail

არა, ანგარიშის დაწერისას მექანიკური შეცდომა არ დაგვიშვია - შარლოტმა ინდიანას მართლაც 158 ქულა ჩაუგდო! ახლო წარსულში ამაზე მეტი მხოლოდ ჰიუსტონ როკეტსმა მოახერხა - 2019 წლის ოქტომბერში, როცა ვაშინგტონთან ძირითად დროში 159:158 დააფიქსირა.

მატჩის ბოლო წუთებში, პეისერსის მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის სახე ყველაფერზე მეტყველებდა - ინდიანასთვის ეს ძალიან სამარცხვინო ამბავია მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მალკოლმ ბროგდონი, დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი აკლია. პეისერსმა შარლოტს მეორე ტაიმში 87 ქულა ჩააგდებინა და ამით უდიდესი დარტყმა მიიღო. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ჰორნეტსი თამაშს მხოლოდ 1 ქულით იგებდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ გოგა ბითაძე, რა თქმა უნდა, ისევ სასტარტო ხუთეულში გახლდათ და ამჯერად 17 ქულა დააგროვა! ინდიანას ქართველმა ცენტრმა ამით ლეიკერსთან დაფიქსირებული კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. თუკი გოგამ ეს მაშინ 25 წუთში გააკეთა, ამჯერად 18:40 წუთში შეძლო - მან 12-დან 8 სროლა ჩააგდო (0/2 სამქულიანი, 1/2 საჯარიმო) და ამასთან, 6 მოხსნა (ყველა შეტევაში) და 2 პასიც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პეისერსიდან მასზე მეტი ქულა არავის დაუგროვებია (ასევე 17 ჰქონდა აიზეია ჯეკსონს).

შარლოტიდან კი ბევრმა ჩააგდო ბევრი: ლამელო ბოლმა სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა (29 ქულა, 11/16, 10 მოხსნა, 13 პასი, +45). სწორედ მისი დომინირებით დაიწყო ინდიანას დემონტაჟი მესამე მეოთხედში. ამ 12 წუთში სტუმრებმა 42:24 მოიგეს. კელი უბრემ 15-დან 10 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა, ჯამში კი 39 ქულა დააგროვა (12/18). სამიანების ასეთი მაჩვენებელი ამ სეზონში მხოლოდ ევან ფურნიეს და ენტონი ედვარდსს ჰქონდათ, თუმცა უბრე პირველი სათადარიგო მოთამაშეა, რომელმაც ეს შეძლო. შარლოტს სროლების სიზუსტის 58-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და ჯამში 45-დან 24 სამიანი ჩააგდო (53,3%).

49 მატჩის შემდეგ, 17 გამარჯვებით და 32 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პეისერსი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ოკლაჰომასთან გამართავს. შარლოტს 27 მოგება და 22 მარცხი აქვს, რითაც მე-7 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდს პლეი ოფში ალბათ ვერ ვნახავთ…

კომენტარები

ბოლო ამბები