Thumbnail

ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში მიმდინარე ფუტსალში ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე მატჩიც გაიმართა, რომელშიც ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანთან წაგებას გადაურჩა - 2:2. ამ შედეგის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ზე 1/4-ფინალის საგზური ვადამდე გაინაღდა. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შერაცხული ესპანეთის ნაკრები ორჯერ აღმოჩნდა მდევრის როლში და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ანგარიში აზერბაიჯანელებმა მე-10 წუთისთვის სერხიო ლოსანოს ავტოგოლით გახსნეს, თუმცა ესპანელებმა მალევე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, რაულ გომესის გოლით გაათანაბრეს.

პირველ ტაიმში აზერბიაჯანმა მეორედაც შეძლო დაწინაურება და ეს სწრაფი კონტრეშეტევის შემდეგ ისა ატაევმა მოახერხა. ესპანეთი წაგებას მეორე ტაიმში, იმავე ლოსანოს გოლის წყალობით გადაურჩა, რომელმაც შეცდომა გამოასწორა.

1/4-ფინალში თამაშის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს

ორი ტურის შემდეგ, D ჯგუფს 6 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია 1 ქულით. ბოლო ადგილს უქულო ბოსნია-ჰერცეგოვინა იკავებს. ბოლო ტურში, რომლის მატჩები 29 იანვარს ჩატარდება, საქართველო ესპანეთს ეთამაშება, აზერბაიჯანი კი - ბოსნია-ჰერცეგოვინას. 

ესპანეთი 2:2 აზერბაიჯანი

გოლები: 0:1 ლოსანო (09'16'' ავტოგოლი), 1:1 გომესი (11'28''), 2:1 ატაევი (16'38''), 2:2 ლოსანო (30'01'')

კომენტარები

ბოლო ამბები