- საქართველო 2:1 ბოსნია და ჰერცეგოვინა
- საქართველომ 0:1-ის შემდეგ თალესისა და ბრუნო პეტრის გოლებით მოიგო
- ავთანდილ ასათიანის გუნდს 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია
- 'ქართული ხასიათის დამსახურებაა' - რა თქვა ასათიანმა მატჩის შემდეგ
- 'ჩვენზე მაგარი გუნდი აქ არ მეგულება' - ზვიად კუპატაძე მატჩის შემდეგ
- UPDATE: საქართველო პლეი ოფშია - ესპანეთი აზერბაიჯანთან წაგებას გადაურჩა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გრონინგენი მასპინძლობს, მეორე შეხვედრაც მოიგო და 6 ქულით 1/4-ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოსაა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა D ჯგუფში აზერბიაჯანის დამარცხების (3:2) შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც აჯობა (2:1) და თუკი დღის მეორე თამაშში ჯგუფის ფავორიტი ესპანეთი არ წააგებს, საქართველოს ევრო 2022-ის პლეი ოფი განაღდებული ექნება...

აზერბაიჯანთან მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც თავიდანვე მიიღო გოლი. ასათიანის გუნდს პირველ წუთებში ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, თუმცა შანსის გამოყენება მაინც მეტოქემ მოახერხა. მეშვიდე წუთისთვის ჩვენი გუნდის მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე ნერმინ კაჰვეჯის ახლო მანძილიდან დარტყმულს ვერ გაუმკლავდა - 0:1.
საქართველოს ნაკრებს გათანაბრების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა. მიზანთან ახლოს ერთიმეორეის მიყოლებით ბრუნო პეტრი, ნიკოლოზ კურტანიძე, ელისანდრო და არჩილ სებისკვერაძე იყვნენ, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა ბოსნიელთა მეკარე დარკო მილანოვიჩი. სეივები არანაკლები ჰქონდა კუპატაძესაც, რომელსაც მეტოქე ფეხბურთელები მწვავე კონტრშეტევებით ანერვიულებდნენ. მიუხედაად ამისა, შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯერ ანგარიშის გასათანაბრებლად, შემდეგ კი წინ გასასვლელად სულ რვა წუთი ეყო. მართალია, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები მეორე ტაიმის საწყის წუთებში კარგად კეტავდა ზონებს და თითქოს შანსსაც არ გვიტოვებდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მაინც შეცდა. მეტოქის გადაცემა თალეს ფეიტოსამ ჩაჭრა და კარიდან წინ გამოსული ბოსნიელთა მეკარე ზუსტი დარტყმით დასაჯა - 1:1.

თამაში მაღალ ტემპში გაგრძელდა, შემდეგ კი მალევე იყო ბოსნიელთა საჯარიმო მოედანთან ვილიანი-ბრუნო პეტრის კომბინაცია, რომელიც ამ უკანასკნელის კარისკენ შეტრიალებითა და ზუსტი დარტყმით დასრულდა - 2:1.
შეხვედრის დასრულებამდე დრო საკმაოდ იყო, თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა, პირველ რიგში კუპატაძის კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება, რითაც პლეი ოფისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი (3 ქულა) და აზერბაიჯანი (0) ეთამაშებიან, მოგვიანებით დაიწყება. თუკი ესპანეთი არ წააგებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, პლეი ოფს ავთანდილ ასათიანის გუნდიც გაინაღდებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო და ესპანეთი ბოლო ტურში, 29 იანვარს, მხოლოდ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილების გასანაწილებლად ითამაშებენ.
საქართველო 2:1 ბოსნია და ჰერცეგოვინა
გოლები: 0:1 კაჰვეჯიჩი (06'19''), 1:1 თალესი (24'59''), 2:1 ბრუნო პეტრი (27'47'')
საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო.
სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიან ლაურენსო, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ბრუნო პეტრი.
ბოსნია-ჰერცეგოვინა (სასტარტო): მილანოვიჩი - არნაუტოვიჩი, ს.ივანკოვიჩი, ელიჩი, კაჰვეჯიჩი.
კომენტარები