Thumbnail
  • 📅 27 იანვარი | ⌚ 04:00 | 🏟 გეინბრიჯ ფილდჰაუსი | 🏀 ინდიანა V შარლოტი
  • 22 წლის ქართველ ცენტრს ჰორნეთსთანაც სოლიდური სათამაშო დრო ექნება

გოგა ბითაძის პეისერსი ხუთმატჩიანი საგარეო ტურნეს შემდეგ შინ დაბრუნდა და ხვალ დილით შარლოტ ჰორნეთსს უმასპინძლებს, 22 წლის ქართველი ცენტრი კი, უდიდესი ალბათობით, ინდიანელთა სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-4 მატჩს (გოლდენ სტეიტთან, ფინიქსთანა და ნიუ ორლეანსთან თამაშების შემდეგ) დაიწყებს.

ყოველ შემთხვევაში, ამას პროგნოზირებს არაერთი ამერიკული გამოცემა და იგივე წერია NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც, სადაც პეისერსის სასტარტო ხუთეულში კარის ლევერტი, კრის დუარტე, ჯასტინ ჰოლიდეი, ტორი კრეიგი და გოგა ბითაძე მოიაზრებიან. თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, გოგასთვის ისტორიული მოვლენა იქნება, რადგანაც პეისერსის მაისურით პირველ სეზონში სასტარტოში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა, მეორეში კი – 3-ჯერ.

ცხადია, რომ ბითაძის დაწინაურების მიზეზი ინდიანასს წამყვანი მაღალი კალათბურთელების ტრავმიანობაა. ამჯერადაც ვერ ითამაშებენ ლიეტუველი დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. მათ გარდა კი, დაშავებულები არიან მალკოლმ ბროგდონი, ტი ჯეი მაკკონელი და ტი ჯეი უორენი, ამდენად, ინდიანას კვლავაც მძიმე მატჩი ელის.

სასტარტო ხუთეულები ინდიანა-შარლოტის მატჩისთვის

“საბონისი ლეიკერსთან მატჩის ბოლო მეოთხედში დაშავდა და მას მერე მარცხენა კოჭის მყესების დაჭიმულობის გამო 3 მატჩი გამოტოვა. ამ ფონზე სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე გამოჩნდა და დომანტასის არყოფნის ფონზე საშუალოდ 13.7 ქულა, 8.3 მოხსნა და 3.3 პასი აქვს 29.5 წუთში, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არაა”, - წერს Yardbarker.

უფრო შორს წავიდა Rotoballer და დაწერა, რომ შესაძლოა, მაილს ტერნერმა და მალკოლმ ბროგდონმა მიმდინარე სეზონში ინდიანას მაისურით აღარც ითამაშონ, ეს კი, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება გუნდის სათადარიგო კალათბურთელებისთვის, მათ შორის, გოგა ბითაძისთვის.

“პეისერსს ლამის მთელი სასტარტო ხუთეული დამტვრეული ჰყავს, მათგან ტერნერისა და ბროგდონის გასწვრივ კი შემდეგს ვკითხულობთ – “უქმობს გაურკვეველი დროით”. მართლაც არავინ იცის, ისინი მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნებას შესძლებენ თუ – ვერა. ამ ფონზე უდავოა, რომ წინა ხაზში უმთავრესი ოფცია გოგა ბითაძე ხდება. ვერ თამაშობს საბონისიც და მისი და მაილსის გაცვლაზეც ბევრს ლაპარაკობენ, ეს კი, გოგას უფრო მეტ ფასს სძენს. უდავოა, რომ გუნდში დარჩენას იმსახურებენ ჯასტინ ჰოლიდეი, კრის დუარტე, ტორი კრეიგი და ჯერემი ლემბიც, ოშაე ბრისეტსა და აზია ჯეკსონზე კი დაკვირვება უნდა გაგრძელდეს”.

როგორც აღვნიშნეთ, 22 წლის ქართველი კალათბურთელი ინდიანაში მე-3 სეზონს ატარებს და მიმდინარე რეგულარული პირველობის 28 მატჩში ასეთი საშუალო მაჩვენებლები აქვს: 10.4 წუთი, 4.2 ქულა, 2.9 მოხსნა. პეისერსს 17 მოგება და 31 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ინდიანასა და შარლოტის მატჩი 27 იანვრის დილას თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები