- ცსკა-ს ქართველი ფორვარდი VTB-ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ითამაშებს
- შენგელია ოლ სტარს მიუახლოვდა - ფანების გამოკითხვა დასრულებულია
მოსკოვის ცსკა-ს ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია VTB ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ითამაშებს. 30 წლის კალათბურთელი "მსოფლიოს ვარსკვლავების" გუნდის ღირსებას დაიცავს.
VTB ლიგის 2022 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 20 თებერვალს, მოსკოვში, "ვითიბი-არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს რუსეთისა და მსოფლიოს ვარსკვლავების გუნდები დაუპირისპირდებიან.
თითოეულ გუნდში 10 მოთამაშე მოხვდა - 5 მცველი და 5 წინა ხაზის მოთამაშე. გუნდში არ შეიძლებოდა ერთი კლუბის ორზე მეტი კალათბურთელის შეყვანა. ცნობილია, რომ ლიგა თითოეულ გუნდს კიდევ 2 მოთამაშეს, "უაილდ ქარდით" დაუმატებს და საბოლოოდ გუნდები 12-12 მოთამაშით დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას 2020 წლის ზაფხულიდან იცავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა VTB-ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიწვევა 2021 წელსაც მიიღო, მაგრამ მაშინ თამაშის საშუალება ტრავმამ არ მისცა და ის სხვა მოთამაშით შეცვალეს.
მოსკოვის ცსკა-მ VTB-ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 12 მატჩიდან 9 მოიგო და სატურნირო ცხრილში მხოლოდ უნიკს-ს (10 მოგება, 2 წაგება) ჩამორჩება. ქართველმა ფორვარდმა ლიგის 9 შეხვედრაში ითამაშა და მისი სტატისტიკა საშუალოდ 19.3 წუთში 11.2 ქულა, 4.1 მოხსნა და 3.1 პასია.
კომენტარები