Thumbnail
  • სტეფანოს ციციპასი 6:3, 6:4, 6:2 იანიკ სინერი 
  • 23 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა იტალიელს ძალიან იოლად აჯობა
  • სტეფანოსი ოჟე-ალიასიმსა და მედვედევის წყვილში მოგებულს ელის

ავსტრალიაში მიმდინარე დიდი სლემის წლის პირველ ტურნირზე ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა მე-4 ნომრად განთესილმა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც იანიკ სინერს (11) საკმაოდ იოლად, სამ სეტში აჯობა. 

ბერძენი ჩოგბურთელისთვის ეს "დიდი სლემის" ტურნირების მეხუთე, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობის მესამე ნახევარფინალია. სტეფანოსი "დიდი სლემის" ტურნირებზე 1/4-ფინალში არასდროს დამარცხებულა. 

ციციპასი-სინერის მატჩის მეორე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ბერძენი 6:3, 2:1-ს იგებდა, შეხვედრა წვიმის გამო შეწყდა. თავიდან მელბურნის კორტის გადახურვას არ აპირებდნენ, მაგრამ მოგვიანებით თამაშის ღია ცის ქვეშ გაგრძელება გადაიფიქრეს. 

თამაშმა 2 საათსა და 6 წუთს გასტანა. სტეფანოსმა ეისი 4-ჯერ მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა და მიითვალა 30 ვინერსი. იტალიელის ანგარიშზე 4 ეისი, 18 ვინერსი და 22 უნებლიე შეცდომა იყო.

"ვიცოდი, რომ მეტოქე ძალიან რთული მყავდა. ამიტომ, თითოეული დარტყმის შესრულებას ყურადღებით ვეკიდებოდი. საბოლოოდ იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდი. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი მოწოდებით, კორტზე მოქმედებით, ტაქტიკის რეალიზებით. და რა თქმა უნდა, ამ კორტზე გამოსვლა და ტრიბუნებისგან ასეთი მხარდაჭერის მიღება, უბრალოდ არაჩვეულებრივია. 

რაც შეეხება უამინდობას, ესეც თამაშის ნაწილია. არასდროს იცი, როგორი იქნება ამინდი, თუმცა ვიცოდი, რომ სწორი გეზი მქონდა…

სიმართლე გითხრათ, მე და ჩემი ექიმი არ ველოდით, რომ Australian Open-ზე გამოსვლას შევძლებდი. ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. ექიმი მეუბნებოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი. მე კი დავუმტკიცე, რომ ცდებოდა (გაიცინა). სერიზოულად კი, ძალია გამიმართლა, რომ ის მყავს. მისი წყალობით უფრო ვძლიერდები", - თქვა სტეფანოს ციციპასმა თამაშის შემდეგ.

ციციპასი-სინერის მატჩის დროს წვიმამ კორტი დაასველა  

23 წლის ბერძენი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმსა (9) და რუს დანილ მედვედევს (2) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ციციპასისთვის  AUS OPEN-ზე საუკეთესო შედეგი სწორედ 1/2-ფინალია, სადაც 2019 და 2021 წლებში უთამაშია. შარშან მან ფინალის საგზური სწორედ მედვედევს დაუთმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები