Thumbnail

მაიამისთან მარცხის შემდეგ ლეიკერსს ისევ მიეცა ზეიმის საბაბი - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლოსანჯელესელებმა ბრუკლინ ნეტსი 106:96 დაამარცხეს, არამედ იმის გამოც, რომ ენტონი დევისი დაბრუნდა! ტრავმის გამო მას 17 თამაში ჰქონდა გამოტოვებული და ამ ხნის მანძილზე ლეიკერსს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უჭირდა.

AD-ის დაბრუნება განსაკუთრებით დაცვას დაეტყო (დევისს 4 დაფარება ჰქონდა), შეტევაში კი ლებრონ ჯეიმსი გახლდათ შეუჩერებელი. 37 წლის სუპერვარსკვლავმა 33 ქულა დააგროვა - პლუს 7 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა. 

ბრუკლინი კი ამ ეტაპზე ზედმეტადაა დამოკიდებული ჯეიმს ჰარდენზე, რომელმაც მართალია, ასევე 33 ქულა დააგროვა და მეტიც, სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო (პლუს 12 მოხსნა და 11 პასი), მაგრამ ნეტსისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ბრუკლინს ისევ არ ჰყავს კევინ დურანტი და ჯო ჰარისი, კაირი ირვინგის ამბავი კი ყველას მოგეხსენებათ…

48 მატჩის შემდეგ, 24 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ენტონი დევისის დაბრუნების გამო გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ამიერიდან ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. ბრუკლინს 47 თამაშის შემდეგ 29 მოგება და 18 მარცხი აქვს - ჰარდენი და კომპანია აღმოსავლეთში მე-3 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი ნეტსს დენვერთან (27 იანვარს) ექნება, ლეიკერსი კი 28-ში ფილადელფიას უნდა ესტუმროს.

კომენტარები

ბოლო ამბები