Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩს, შესაძლოა, საფრანგეთის ღია პირველობის კარი გაუღონ
  • ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, სერბს შეუძლია, იმედი ჰქონდეს

ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის, აუცრელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი, ნაცვლად იმისა, რომ კარიერაში 21-ე დიდი სლემის მოსაგებად იბრძოდეს, სახლშია. სერბმა ჩოგბურთელმა ურთულესი კვირები გადაიტანა - ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ კი მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა.

ახალი ინფორმაციით, ნოლეს შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ წლის მეორე დიდ სლემზე თამაშის უფლებას მისცემენ. საფრანგეთის ღია პირველობა მაისის ბოლოსაა დაგეგმილი და აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ თუ არ აიცრებოდა, ჯოკოვიჩი ვერც როლან გაროსზე ითამაშებდა. იტალიური “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, დიდი შანსია, 34 წლის სერბმა საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობის უფლება მიიღოს.

გამოცემის ცნობით, რონალ გაროსზე დაუშვებენ იმ მოთამაშეებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს - ოღონდ, ინფიცირებიდან 6 თვეზე მეტი არ უნდა იყოს გასული. ავსტრალიაში გამართულ ორივე სასამართლო პროცესზე ჯოკოვიჩი ამტკიცებდა, რომ ვირუსი 16 დეკემბერს დაუდასტურდა. რაკი როლან გაროსი 22 მაისს იწყება და 5 ივნისამდე გაგრძელდება, ნოლეს თამაშის უფლება ექნება. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციაა, ოფიციალურად კი, ჯოკოვიჩი საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

აქვე გეტყვით, რომ თუ ავსტრალიის ღია პირველობას დანიილ მედვედევი მოიგებს, სწორედ ის გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი. რუსი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები