Thumbnail

'თითქოს ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს' - აგენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

  • კვარაცხელია რუბინის პირველ შეკრებაზე მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა
  • 20 წლის ნახევარმცველზე რუსეთში ცნობილმა აგენტმა თემურ ღურწკაიამ ისაუბრა   

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ყაზანის რუბინმა თურქეთში პირველი შეკრება დაასრულა, მეორეს კი 27 იანვრიდან დაიწყებს. თავად ქართველი ნახევარმცველი, რომელიც აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და სპარინგებში არ მონაწილეობდა, კიდევ რამდენიმე ტრავმირებულ ფეხბურთელთან ერთად, ბელეკში რჩება და მზადებას ფიზმომზადების მწვრთნელთან და ფიზიოთერაპევტთან ერთად აგრძელებს. 

რუსეთში ცნობილმა აგენტმა თემურ ღურწკაიამ Коммент.Шоу-ს ეთერში კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომლის ევროპულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე აღარაფერი ისმის. აგენტის თქმით, თუკი რუბინი ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილს წარუმატებლად ჩაატარებს, ეს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ფასებზეც აისახება. 

"ხვიჩაზე ლაპარაკიც კი აღარაა. თითქოს ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუკი გასაზაფხულსაც ჩააგდებს, გაუჩნდება მის მიმართ ვინმეს ინტერესი ან გადაიხდის მასში ვინმე თუნდაც 10 მილიონს? რუბინისთვის გაზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შემოდგომა იმდენად ჩააგდო, რომ ყველას ფასი დაეცა", - ამბობს ღურწკაია.

სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩასგან გაცილებით მეტს მოელოდნენ

სეზონის პირველი ნახევრის 15 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის სანაცვლოდ რუბინი 20 მილიონის მიღებას იმედოვნებდა, მხოლოდ ერთი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. ყაზანის გუნდს 18 მატჩში 22 ქულა აქვს მოპოვებული და სეზონის განახლებას ცხრილში მე-10 პოზიციაზე ხვდება.

იქამდე კი რუბინი მეორე შეკრებას 27 იანვარს დაიწყებს და 8 თებერვალს დაასრულებს. ხვიჩას გუნდს საკონტროლო მატჩები სოჩისთან (2 თებერვალს), ხიმკისა (5 თებერვალს) და დინამო ბათუმთან (8 თებერვალს) აქვს დაგეგმილი. იმედია, კვარაცხელია მეორე ეტაპს მწყობრში შეხვდება და სეზონის განახლებისთვის სრულფასოვნად მოემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები