Thumbnail

დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსში - სერბი გოლეადორი ტურინში მიდის

  • ფიორენტინა 21 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს
  • სერბი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინულმა კლუბმა არსენალს აჯობა  

ფიორენტინას და სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება შედგა და უახლოეს მომავალში ფეხბურთელი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება. იუვენტუსი ფიორენტინას ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდის.

ცნობილია, რომ 21 წლის სერბმა გოლეადორმა ტურინულ კლუბთან პირადი 5-წლიანი კონტრაქტი წინასწარ შეათანხმა, რომლის მიხედვით, წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. 

ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ასევე დაინტერესებული იყო ლონდონის არსენალი. 

დუშან ვლაჰოვიჩი ფლორენციული კლუბის ფეხბურთელი 2018 წელს გახდა, სადაც მშობლიური პარტიზანიდან გადავიდა და ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებდა. მიმდინარე სეზონში სერბმა სერია A-ში 21 მატჩში ითამაშა და 17 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან (ლაციო) ერთად ლიდერობს. კიდევ 3 გოლი ფორვარდმა იტალიის თასის 3 შეხვედრაში შეაგდო.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, ტურინის იუვვენტუსს 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, შინ ვერონასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები