Thumbnail

შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდს ჰალ სიტის გაწვრთნის. 48 წლის ქართველი სპეციალისტის დანიშვნა კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისურმა კლუბმა არველაძეს 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.  

წლის დასაწყისში ჰალ სიტის მფლობელი ოფიციალურად გახდა თურქი ტელემაგნატი აჯუნ ილიჯალი, რომელსაც შოთასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ილიჯალი თავის გუნდში მწვრთნელად არველაძის მიწვევას რომ აპირებდა, კარგა ხნის წინ იყო ცნობილი.

აჯუნ ილიჯალი და შოთა არველაძე მეგობრები არიან

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც 2021 წლის დასაწყისიდან უმუშევარი იყო, უარი რამდენიმე შეთავაზებაზე თქვა, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი მიწვევით თურქული და რუსული კლუბები, შესაბამისად, კარაგიუმრიუკი და კრასნოდარი ინტერესდებოდნენ. 

შოთას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე შედეგიანი უზბეკური პერიოდი იყო

ბოლო დრომდე "ვეფხვების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჩრდილოეთირლანდიელი გრანტ მაკანი იკავებდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩემპიონშიპის 27 ტურში 29 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა. ჰალ სიტი ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, შინ სუონსისთან გამართავს. 

ინგლისური საფეხბურთ კლუბი ჰალ სიტი 1904 წელს დაარსდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (26 გოლი) მწვრთნელობა კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. თავიდან ის ნიდერლანდურ აზ ალკმაარში ლუის ვან გალის ასისტენტი იყო, 2010 წლიდან მოყოლებული კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქულ კაისერისპორში, კასიმპაშასა და ტრაბონზოსპორში იმუშავა. 2016-17 წლებში შოთა თელ ავივის მაკაბის წვრთნიდა, 2017-2020 წლებში კი ტაშკენტის პახტაკორს, რომელთან ერთადაც ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი, ასევე ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები