Thumbnail
  • ნიუ ორლეანსი 117:113 ინდიანა
  • ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა

ინდიანას 22 წლის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ გუნდის წამყვანი მაღლების მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის არყოფნაში, სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ ითამაშა, პეისერსი კი ნიუ ორლეანში პელიკანსს დაუპირისპირდა და 113:117 დამარცხდა.

გოგა ბითაძე პელიკანსთან მატჩში

აღსანიშნავია, რომ ინდიანელებმა მხოლოდ ერთი მეოთხედი წააგეს, ბოლო 12-წუთეულში კი ყველაზე შედეგიანად ითამაშეს, თუმცა, ეს, წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბითაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და ალბათ, მეტ სათამაშო დროსაც მიიღებდა, 5 პერსონალური ფოლით რომ არ დატვირთულიყო.

გოგას მონაგარი 12 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, სამქულიანი კი ააცილა. ბითაძეს პასივში 3 დაკარგვაც ჰქონდა.

ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ხშირად უწევდა დაპირისპირება პელიკანსის გამოცდილ ლიეტუველ ლეგიონერ იონას ვალანჩუნასთან, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 12 მოხსნა). მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები დევონტე გრეჰემი (25 ქულა) და ჯოშ ჰარტი (22 ქულა, 10 მოხსა) იყვნენ, პეისერსს კი დუან ვაშინგტონმა (21 ქულა) და კარის ლევერტმა (19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი) ულიდერეს.

ინდიანამ ამით დაასრულა 5-მატჩიანი საგარეო ტურნე, რომლის განმავლობაშიც 2 გამარჯვება იზეიმა. საერთო ჯამში, გუნდის მაჩვენებლები 17 მოგება და 31 მარცხია და ეს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-13 შედეგია. პეისერსი მომდევნო მატჩს უკვე შინ ჩაატარებს: 28 იანვრის დილას, მოწინავე ექვსეულში შესვლისთვის მებრძოლ შარლოტ ჰორნეტსთან.

კომენტარები

ბოლო ამბები