Thumbnail

'საქართველოში სამარცხვინოდ წავაგეთ' - უკრაინელები ამერიკელებს იმატებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'როდესაც ეს თამაში მახსენდება, დღემდე ვერ დავწყნარებულვარ'
  • უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარი

უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ ბროდსკიმ განაცხადა, რომ ჯერაც ვერ მოუენელებია ის მარცხი, რომელიც მისმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან განიცადა. შეგახსენებთ, რომ ეს თამაში თბილისში 26 ნოემბერს შედგა და ილიას ზუროსის გუნდმა 88:83 იმარჯვა.

მიხაილ ბროდსკი: “ჩემი აზრით, მაღალი კლასის უკანახაზელის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. NBA-დან მიხაილიუკიც რომ ჩამოვიდეს, მცველი მაინც უნდა დავიმატოთ. სწორედ ამიტომ 2 ამერიკელი კალათბურთელის ნატურალიზებას ვგეგმავთ, რომელთაგან უკეთესს მთავარი მწვრთნელი აარჩევს. მეტწილად ამის გამო იყო, საქართველოში სამარცხვინოდ რომ წავაგეთ, იქ გამოჩნდა, რომ შესაბამისი შემცვლელები არ გვყავდა.

მართალი გითხრათ, როდესაც ეს თამაში მახსენდება, დღემდე ვერ დავწყნარებულვარ. უბრალოდ, შენგელიამ თავი გადადო და ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვიდა... თებერვალში ესპანეთთან 2 მატჩი გველის და პირდაპირ ვიძახი, რომ შინ მოგება მინდა, სტუმრად კი, მიხაილიუკისა და ლენის გარეშე შანსი არ გვექნება. ბაგატსკისს ვენდობით. გუნდს ევროპის ჩემპიონატზეც ის წაიყვანს და იმდენად მაღალი კლასის ნაკრები გვყავს, იქნებ მედლებზეც გავიწიოთ. ჩემი ოცნება ესაა”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მატჩები ერთ თვეში განახლდება. როგორც ბროდსკის კომენტარშია ნათქვამი, უკრაინელები ესპანელებს გაეჯიბრებიან, საქართველოს ნაკრებს კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშები ელის: 24-ში – თბილისში, ხოლო 27-ში – სკოპიეში. კვალიფიკაციის შემდეგ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები