Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 113:107 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულით და 11 მოხსნით
  • მაიამიმ გუნდური კალათბურთით გაიმარჯვა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში თავისი გასვლითი მოგზაურობა გააგრძელა. ორლანდოსთან გამარჯვების შემდეგ, ლეიკერსი ამჯერად მაიამისთან დამარცხდა. კალიფორნიელები მთელი თამაშის მანძილზე უშანსოდ აგებდნენ. მთელი პირველი ნახევარი 20 ქულაზე მეტით უკან იყვნენ და შესვენებაზე -17-ით გავიდნენ. ლეიკერსმა თამაშის დაძაბვა მხოლოდ ბოლო წუთებში მოახერხა, როცა ჯერ 8, შემდეგ კი 5 ქულაზე მიუახლოვდა მეტოქეს, თუმცა მეტი დრო აღარ ეყო.

კვლავ შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელიც 37 წლის ასაკში თამაშში თითქმის 29 ქულით მეორე ადგილზეა შედეგიანობის მიხედვით NBA-ში. ლებრონმა ამჯერად 22-დან 12 სროლა გამოიყენა და 33 ქულა ჩააგდო, თუმცა ამან ლეიკერსს ვერ უშველა. ლებრონი ორქულიანი დისტანციიდან თითქმის არ აცილებდა - 14-დან 10 ჩააგდო, სამაგიეროდ რვიდან მხოლოდ ერთი სამქულიანი გამოიყენა. 33 ქულასთან ერთად ჯეიმსს 11 მოხსნაც ჰქონდა.

ამჯერად ცუდად არ უთამაშია რასელ ვესტბრუკს, რომელმაც 15-დან 9 სროლა გამოიყენა და თამაში 24 ქულით და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მაიამიმ კი ტრადიციულად გუნდურ კალათბურთზე გააკეთა აქცენტი. ერთდროულად ხუთ მოთამაშეს ჰქონდა 10-ზე მეტი ქულა. ჯიმი ბატლერმა სამმაგი დუბლი შეასრულა 20 ქულით, 10 მოხსნით და 12 ასისტით. ყველაზე შედეგიანი მსროლელი დანკან რობინსონი იყო, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და 25 ქულა ჩააგდო.

გადამწყვეტი კომპონენტი სამქულიანები აღმოჩნდა. მაიამი 45 პროცენტით ისროდა და 33-დან 15 სამიანი ჩააგდო, ლეიკერსმა კი 40-დან მხოლოდ 11 (ზუსტი სროლების 27 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ მაიამიმ 40 ჩაგდებულ სროლაზე 31 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ანუ სპოელსტრას გუნდი თითქმის არ უტევდა იზოლაციების წყალობით და ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა.

ლეიკერსი აღმოსავლეთში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს და უახლოეს თამაშებში ძალიან რთული კალენდარი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები