Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ფინიქს სანსთან მატჩში მოედანზე 35 წუთი გაატარა და ეს, NBA-ში მისი კარიერის რეკორდი იყო. თამაშის შემდეგ, ქართველ ლეგიონერს სწორედ აღნიშნულ საკითხზე დაეკითხნენ, ბითაძემ კი აღნიშნა, რომ მზადაა, მატჩები შეუცვლელადაც კი ჩაატაროს:

გოგა ბითაძე: “იოლი არაა, უთამაშებლობის შემდეგ მოედანზე გახვიდე და იქ 35 წუთი გაატარო, თანაც ლიგის უძლიერესი კლუბების წინააღმდეგ, თუმცა, როდესაც ამის შანსი მეძლევა, ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. ამ ფონზე რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, თუკი მწვრთნელი თამაშის საშუალებას მაძლევს, მას შეცვლას არ ვთხოვ. თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, მზად ვარ, მოედანზე 48 წუთიც კი გავატარო და მაქსიმუმი გავაკეთო. სხვანაირად ვერც იქნება, რადგანაც სათადარიგოთა სკამიდანაც კი თამაშში მაქსიმალურად ჩართული ვარ. შეიძლება დაგინახავთ კიდეც, როდესაც ბიჭებს ვქომაგობ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და სკამიდან ხშირად ვხტები. უბრალოდ, ძალიან მინდა ხოლმე, რომ მოედანზე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყო და მათ დავეხმარო. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეს დიდი გამოწვევაა. გოლდენ სტეიტიც და ფინიქსიც ძალიან მაგარი გუნდები არიან და მათ წინააღმდეგ თამაში ერთი სიამოვნებაა”.

შეგახსენებთ, რომ ბითაძეს სათამაშო დრო მკვეთრად გაეზარდა მას მერე, რაც ინდიანას ძირითადი “მაღლები” მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი დაუშავდა. სანსთან შეხვედრაში მან 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და NBA-ს კარიერაში მე-3 სამმაგი დუბლი მიითვალა. მიმდინარე სეზონში გოგას საშუალო მაჩვენებლები 10.0 წუთი, 3.9 ქულა და 2.8 მოხსნაა. პეისერსი 17 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 26 იანვრის დილას ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები