Thumbnail
  • ფიორენტინამ დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვის სურვილი დაადასტურა
  • როგორც ირკვევა, ფავორიტი არსენალია, თუმცა სერბისთვის იუვეც იბრძვის

ფლორენციის ფიორენტინას თავისი მთავარი ვარსკვლავისთვის, დუშან ვლაჰოვიჩისთვის არ შეუძლია ისეთი ხელფასის შეთავაზება, როგორსაც 21 წლის სერბი გოლეადორი ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი არ გაგრძელდება. თავის მხრივ, ამ რეალობიდან გამომდინარე, ფლორენციელებს ვლაჰოვიჩს გაყიდვა სურთ და თანაც ახლავე. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ფიორენტინას სპორტულმა დირექტორმა ჯო ბარონემ გაზეთ La Nazione-სთან ინტერვიუში და დაადასტურა, რომ უდიდესი პოტენციალის მქონე სერბი ფეხბურთელი ტრანსფერზეა.

იტალიური მედია წერს, რომ ვლაჰოვიჩის გადაბირება ყველაზე მეტად ორ გრანდს სურს - ლონდონის არსენალს და ტურინის იუვენტუსს. არსენალის შემთხვევაში საუბარია შეთანხმების იანვარში მიღწევაზე - ოღონდ, ფეხბურთელი ზაფხულამდე მაინც ფიორენტინაში დარჩება.

“რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა მოგვმართა, მაგრამ ჯერ არავისთან შევთანხმებულვართ. შემიძლია გითხრათ, რომ მისი გაყიდვისთვის მზად ვართ,” - განაცხადა ბარონემ და არსენალთან შეთანხმება უარყო. მისი თქმით, ფიორენტინამ თავდამსხმელს მოსთხოვა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეს.

რაც შეეხება იუვენტუსის ინტერესს: “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ფიორენტინას 35 მილიონი ევრო და დეიან კულუშევსკი შესთავაზა. იუვეს ვლაჰოვიჩის გადაბირება ახლავე სურს. თუმცა, ფლორენციელები მინიმუმ 75 მილიონ ევროს ითხოვენ, თავად ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი ხელფასი სურს - წელიწადში 8 მილიონი ევრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები