Thumbnail

ნევადის ათლეტთა კომისიამ გიგა ჭიკაძე ბრძოლებს გაურკვეველი დროით ჩამოაშორა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 33 წლის ქართველი მებრძოლი ოქტაგონს გაურკვეველი დროით ჩამოაშორეს
  • კატართან დამარცხებულმა ჭიკაძემ სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს 

UFC-ის მებრძოლი გიგა ჭიკაძე გაურკვეველი დროით ბრძოლებს ჩამოაშორეს. ამის შესახებ ინფორმაციას MixedMartialArts, ნევადის ათლეტთა კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს ყველაფერი მისივე ჯანმრთელობისთვის არის საჭირო.

33 წლის ქართველ სპორტსმენს, რომელმაც კელვინ კატართან ახლახან წაგებულ 5-რაუნდიან ბრძოლაში დაზიანებები მრავლად მიიღო, უახლოეს ორ კვირაში მანგიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება მოუწევს. ამასთან, მას ნეიროქირურგიც გამოიკვლევს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, როდის შეძლებს გიგა დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში თავისი ბოლო ორთაბრძოლა ტურნირში UFC Vegas 46-ში, ამერიკელ კელვინ კატართან ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დამარცხებულად გამოცხადდა, თუმცა დაზიანებებს ვერც კატარი გადაურჩა. გიგამ ამერიკელს ცხვირის ძვალი გაუტეხა და ბრძოლებს გარკვეული ხნით ისიც ჩამოშორდება. კელვინ კატარი ოქტაგონზე ივლისამდე ვერ გავა, თუკი ოტორინოლარინგოლოგისგან ამის უფლებას არ მიიღებს. 

გიგა ჭიკაძეს, რომელიც UFC-ში 2019 წლიდან გამოდის, ამ ორგანიზაციის ეგიდით ჯამში 8 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 7 მოიგო და მხოლოდ უკანასკნელი დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები