- დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
- კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო
- სერბი თავდამსხმელი უზბეკურ ნავბაჰორში გადავიდა, მაგრამ ხელშეკრულება დაარღვია
დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩის გუნდიდან წასვლის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სერბმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად დაარღვია და ამიტომ, კლუბი მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს.
"დინამო თბილისი ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია დინამოსთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები", - ნათვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

📸 | dinamo tbilisi
აღნიშნულ თემაზე კომენტარი დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ კლუბმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო:
"დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
ზორან მარუშიჩმა დინამო თბილისში გასული სეზონი გაატარა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 36 თამაშში გატანილი 16 გოლით გახდა. ყველა ტურნირზე მან დინამოს ღირსება 42-ჯერ დაიცვა და 18 გოლი გაიტანა. სერბი ფეხბურთელი ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მარუშიჩი ხნის წინ უზბეკურ ნავბაჰორში გადავიდა.
კომენტარები