Thumbnail
  • მოსკოვის ცსკა ევროლიგაში მორიგ მატჩს შინ მილანის ოლიმპიასთან ჩაატარებს
  • 30 წლის ქართველმა ფორვარდმა თამაშის წინ გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა

თორნიკე შენგელიას გუნდი მოსკოვის ცსკა ევროლიგაში მორიგ მატჩს მილანის ოლიმპიას წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველმა ფორვარდმა თამაშის წინ გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

ცსკა მილანელებს 21 იანვარს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაიმართა, მასპინძლების გამარჯვებით (84:74) დასრულდა. შენგელია იმედოვნებს, რომ ამჯერად მისი გუნდი უკეთესად ითამაშებს.

"სერიოზულად ვემზადებით. გვქონდა რამდენიმე სერიოზული ვარჯიში და იმედი მაქვს, მომავალი შეხვედრისთვის მორალურად და ფიზიკურად მზად ვიქნებით. 

პირველ თამაშში (მილანში) ძალიან გაგვიჭირდა. ის დღე ჩვენთვის საუკეთესო არ იყო. მას შემდეგ ბევრი რამ გამოვასწორეთ. იმ თამაშს კიდევ ერთხელ ვუყურეთ და გავაანალიზეთ ის. შედეგად დავინახეთ, რა არ გავაკეთეთ მაშინ სათანადოდ და ახლა ამის გამოსწორებას შევეცდებით", - აქვეყნებს თორნიკეს სიტყვებს ცსკა-ს პრესსამსახური. 

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 12 მოგება აქვს და რეგულარული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ოლიმპია 18 შეხვედრაში 12 მოგებით მესამე ადგილზეა. 

2021/22 წლების ევროლიგის სეზონში თორნიკე შენგელიას სტატისტიკა საშუალოდ მატჩში 24:38 წუთი, 12.7 ქულა, 4.5 მოხსნა და 2.5 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები