Thumbnail

ჯოკოვიჩი ჩივილს აპირებს და ავსტრალიელებისგან 6 მილიონ დოლარს ითხოვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ავსტრალიის ფედერალურ ხელისუფლებას, რომელმაც ის ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ არ დაუშვა. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სერბი ვარსკვლავი ავსტრალიელებისგან 6 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც შემდეგნაირად აქვს გამოყვანილი: 2 მილიონი – პოტენციური საპრიზო თანხა ტურნირის მოგებისთვის და 4.3 მილიონი უკანონო დაკავებისა და უხეში მოპყრობისთვის (ეს რანაირად დათვალა, უცნობია).

“ყველასთვის ცნობილია, რომ ნოვაკი და მისი ოჯახი ძალიან გაბრაზებულები არიან. ისინი თვლიან, რომ მელბურნში საკარანტინე სასტუმროში ნოლეს ცუდად ექცეოდნენ. დედამისმა მოგვიყვა, რომ ოთახი რწყილებით იყო სავსე. ჯოკოვიჩი ფაქტობრივად მძევლად ჰყავდათ” – განაცხადა ნოვაკის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, თუმცა, ის აღარ უთქვამს, სერბი ჩივილს რომელი ქვეყნის სასამართლოში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან ორი სასამართლო პროცესის შემდეგ განხორციელდა. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული აცრილი არ არის და ავსტრალიაში ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთებით ჩავიდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვიზის გაუქმების შემდეგ ნოლე იძულებული გახდა, ავსტრალია დაეტოვებინა და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, რომელიც 9-ჯერ აქვს მოგებული, მის გარეშე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები